ტურისტებისათვის "კორპორაცია ქინძმარაული“ ჩურჩხელების საწარმოს გახსნის, ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნუგზარ ქსოვრელმა აგანუცხადა. საწარმო ღვინის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება, მისი გახსნა მაისშია დაგეგმილი.
"საწარმოში ძირითადად ჩუჩხელა და ფელამუში დამზადდება. ეს იქნება ძირითადად ტურისტებზე გათვლილი პატარა წარმოება. ტრადიციული დიდი ქვაბებით მოხდება ხარშვა, რაც ტურისტებისთვის სანახაობრივიც იქნება, ყველანაირი ჰიგიენური და ტექნოლოგიური ნორმების დაცვით, იქვე მოხდება მისი დავარგება, სპეციალურად აშენებიულ სათავსოში, შემდეგ კი შეფუთვა და რეალიზაცია. შეიფუთება როგორც ცალობით, ასევე რამოდენიმე ერთად, ბომბონერის ტიპის შეფუთვით“ - განაცხადა ნუგზარ ქსოვრელმა.
ინვესტიციის მოცულობა დიდი არ არის, საწარმოში 15-დან 20 ათას დოლარამდე ჩაიდება.
"ტურისტების მოთხოვნიდან გამომდინარე გაჩნდა ეს იდეა, ისინი სულ კითხულობენ, სად შეიძლება იყიდონ კარგი ჩურჩხელა. შემდეგ ხშირად როდესაც ყიდულობენ, გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ შიგნით გაფუჭებული იყო, ან კაკალი იყო ცუდად, ან დაობდა და იმის გამო, რომ ჩვენ მივიყვანეთ კერძო პირებთან, საიდანაც ეს შეიძინეს, ხშირად თავი უხერხულად გვიგრძვნია, ვერც ვუხსნით, რომ ეს ჩვენი არ არის და არაფერ შუაში ვართ, ამიტომ გადავწყვიტეთ, თავად გაგვეკეთებინა ეს წარმოება“ - განაცხადა ნუგზარ ქსოვრელმა.
მისივე განმარტებით, ჩურჩხელის ფასი ამჟამად ითვლება. ის არსებულ საბაზრო ფასზე, რასაც მაღაზიები სთავაზობენ მომხმარებელს, ნაკლები იქნება და სავარაუდოდ 3-დან 4 ლარამდე ეღირება. ჩურჩხელა დასავარგებელი და დავარგებული სახით გაიყიდება.

























