მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორპორაციული მართვის უკეთესი სტანდარტის დამკვიდრება წილის და აქციის უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენებით

59ea006f21c3e
ლევან კოკაია, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი
20.10.17 19:00
3929
2017 წლის 4 მაისს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა მთელი რიგი ცვლილებები და დამატებები, რომლებიც კაპიტალური ტიპის კომპანიის პარტნიორთა შორის არსებული ურთიერთობების ახალ სტანდარტებს ამკვიდრებენ, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს კორპორაციული მართვის თავისებურებეზე.

კერძოდ, კანონს დაემატა 461 მუხლი - „პარტნიორის მიერ წილის უპირატესი შესყიდვის უფლება“, რომლის პირველი პუნქტის თანახმად: „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის მიერ წილის გაყიდვისას დანარჩენ პარტნიორებს თავიანთი წილების პროპორციულად აქვთ ამ წილის უპირატესი შესყიდვის უფლება, თუ ამ საზოგადოების წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი წილის გაყიდვის მსურველ პარტნიორს ავალდებულებს, რომ საკუთარი განზრახვის შესახებ შეატყობინოს დანარჩენ პარტნიორებს, რომელშიც აუცილებელი წესით განსაზღვრული უნდა იყოს წილის უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების ვადა, რაც 10 დღეზე ნაკლები არ უნდა იყოს. ამავდროულად, საყურადღებოა ამავე მუხლის მე-8 პუნქტი: „ამ კანონის მიზნებისათვის წილის უპირატესი შესყიდვის უფლებად მიიჩნევა პარტნიორის ვალდებულება, თავისი წილი დანარჩენ პარტნიორებს იმავე ფასად და პირობებით შესთავაზოს, რომლებითაც ის ამ წილის მესამე პირისთვის მიყიდვას აპირებს.“

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში (შპს) წილის გაყიდვის მსგავსად, კანონმა იდენტური მავალდებულებელი სტანდარტი ჩამოაყალიბა სააქციო საზოგადოებაში (სს) აქციის გაყიდვის მსურველი პარტნიორის მიმართაც, რაც გამოიხატა 53-ე მუხლის 11 პუნქტის ახალი რედაქციით: „ახალი აქციების გამოშვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში აქციონერს საკუთარი წილის პროპორციულად აქვს ახალი აქციების უპირატესი შესყიდვის უფლება. ეს უფლება შეიძლება გაუქმდეს აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით, ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად. ამასთანავე, ახალ აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება აქციონერთა საერთო კრებამ შეიძლება მიიღოს მხოლოდ დირექტორის ან სამეთვალყურეო საბჭოს წერილობითი მოხსენების საფუძველზე, რომელშიც მიეთითება ახალ აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლების გაუქმების მიზეზი (მიზეზები).“

მიუხედავად იმისა, რომ კერძო ავტონომიის ფარგლებში, გარიგების მონაწილე მხარეებს საშუალება უნდა ქონდეთ, რომ თავად განსაზღვრონ მათთვის სასურველი კონტრაგენტი, კორპორაციული მართვის თვალსაზრისით, წილის/აქციის უპირატესი შესყიდვის უფლებად შეთავაზების მავალდებულებელ დებულებას შემდეგი პოზიტიური დატვირთვა გააჩნია:

1. იმის გათვალისწინებით, რომ როგორც წესი წილის/აქციის სასურველ ფასად და დროის მცირე მონაკვეთში გაყიდვა არ არის მარტივი, კომპანიის ფუნქციონირების სტაბილურობისათვის, იზრდება იმის შესაძლებლობა, რომ უპირატესი შესყიდვის უფლების შეთავაზებით, ერთის მხრივ წილის/აქციის გაყიდვის მსურველი პარტნიორისთვის აღმოიფხვრას მთელი რიგი უსიამოვნებები და მეორეს მხრივ, კომპანიამ, მისთვის სასურველი კაპიტალით შეუფერხებლად გააგრძელოს ოპერირება. თავის მხრივ, აღნიშნული ფაქტორი პოზიტიურ გავლენას მოახდენს კომპანიის არსებული და პოტენციური კრედიტორების მოთხოვნათა უკეთ დაცვაზე, რაც კაპიტალური ტიპის კომპანიათა პასუხისმგებლობის შეზღუდვის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია.

2. კომპანიის სტაბილური ოპერირების ურღვევობით გათვალისწინებული პირობა უკეთ იცავს არსებულ მეწილეთა/აქციონერთა უფლებებს. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა კანონში არსებული ჩანაწერი, რომ „მეწილეს“ ან/და „აქციონერს“, მხოლოდ „თავისი წილის პროპორციულად“ აქვს წილის ან/და აქციის უპირატესი შესყიდვის უფლება. უფრო მეტიც, კანონის 53-ე მუხლის 12-ე პუნქტი სს-ას ავალდებულებს, რომ მან აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების შესახებ დაზღვეული წერილით ხმის უფლების მქონე აქციათა არანაკლებ 1%-ის მფლობელ აქციონერებს უნდა შეატყობინოს. აღნიშნული მავალდებულებელი მოთხოვნების შედეგად, უფლების დაცვის უფრო მაღალი სტანდარტი ყალიბდება წვრილი მეწილის და ასევე, წვრილი აქციონერის შემთხვევაში. თავის მხრივ, წვრილი აქციონერის უფლების უკეთ დაცვა პირდაპირ გავლენას ახდენს დიდი სს-ის ფუნქციონირების მეტ სტაბილურობაზე.

3. საკანონმდებლო სიახლე მეტად აზღვევს დახურული ტიპის კომპანიის მოქნილ ფუნქციონირებას, რაც ვლინდება იმაში, რომ შესაძლოა ახალი მეწილის/აქციონერის შემოსვლით, კომპანიის სტაბილურობა გარკვეული საფრთხის წინაშე დადგეს. როგორც წესი, ახალი პარტნიორის ინტეგრაცია დიდ რისკთან არის დაკავშირებული, რამაც შესაძლოა კომპანიის ოპერირების ძირითად კონცეფციას შეუქმნას საფრთხე. ცხადია, წვრილი მეწილის/აქციონერის შემთხვევაში რისკის დონე დაბალია, მაგრამ, კანონი არ აკეთებს მითითებას იმის შესახებ, თუ წილის/აქციის რა პროპორციის მქონე მეწილეს/აქციონერს დაევალებოდა უპირატესი შესყიდვის შესახებ შეთავაზების გაკეთება.

4. გონივრულია წილის/აქციის უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების ვადა, რომელიც „10 დღეზე ნაკლები არ უნდა იყოს“, თუმცა, შესაძლებელია ამ ვადის გაზრდა. ეს განსაკუთრებით რელევანტურია იმ კომპანიაში, სადაც მეწილეთა ან/და აქციონერთა რაოდებონა დიდია. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სხვა თანაბარ პირობებში, გასაყიდი წილის/აქციის ფასი ზუსტად იგივეა, რასაც გაყიდვის მსურველი პარტნიორი მესამე პირს შესთავაზებდა.

5. კანონის ახალი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც: „ახალ აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება აქციონერთა საერთო კრებამ შეიძლება მიიღოს მხოლოდ დირექტორის ან სამეთვალყურეო საბჭოს წერილობითი მოხსენების საფუძველზე, რომელშიც მიეთითება ახალ აქციათა უპირატესი შესყიდვის უფლების გაუქმების მიზეზი (მიზეზები)“ აქციონერთა წინაშე ზრდის დირექტორის ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ფუნქციურ დატვირთვას, რასაც თავისი დადებითი ეფექტი გააჩნია. კერძოდ: დირექტორატი ჩართულია კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში, რაც მისთვის უფრო ხელსაყრელს ხდის, რომ მაღალი ხარისხით გააანალიზოს აქცის უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენებით გამოწვეული რისკები და აღნიშნულის შედეგად, კომპანიას თავიდან აარიდოს სამომავლო არასასურველი შედეგების დადგომა. ამავდროულად, სამეთვალყურეო საბჭოს, როგორც კომპანიაში აქციონერთა წარმომადგენლობით ორგანოს, ხშირ შემთხვევაში ექმნება შესაძლებლობა, რომ უკეთ განსაზღვროს უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების თანმდევი შესაძლო ნეგატიური ეფექტი. რისკი შესაძლოა უკავშირდებოდეს სამეთვალყურეო საბჭოს ან/და დირექტორატის დასაბუთებულ არგუმენტაციას, რომ უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენება დიდი ალბათობით შეამცირებს კომპანიის ღირებულებას ან/და მსგავსმა შესყიდვამ შესაძლოა, რომ კომპანიის კორპორაციული პოლიტიკის ეფექტურობა მნიშვნელოვანწილად შეასუსტოს.

იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას შეექმნება გონივრული ეჭვი იმის შესახებ, რომ სამეთვალყურეო საბჭოს ან/და დირექტორის მსგავსი პოზიცია მიკერძოებული მოტივებით არის განპირობებული, შესაძლოა დადგეს სამეთვალყურეო საბჭოს ან/და დირექტორატის ერთი ან რამდენიმე წევრის პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი, რაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით არის გათვალისწინებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები