კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მევენახე ფერმერებთან შეხვედრაზე, რთველთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. მევენახეების თქმით, სეტყვამ საგრძნობლად დააზიანა ყურძენი, ამიტომ მათთვის სუბსიდირებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
„სამწუხაროდ სეტყვამ საგრძნობლად დააზიანა ყურძენი. მადლობლები ვართ სახელმწიფოსი, რომ სუბსიდირებას ახორციელებს და ამ დასეტყვილ ყურძენზეც გვაძლევს შესაბამის თანხას, რითაც გავისტუმრებთ დანახარჯს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ დაზღვევა ყოველ წელს აუცილებელია”, - აღნიშნა მევენახე ფერმერმა რევაზ მეგრელიშვილმა.
„წინა წლებთან შედარებით, კლიმატური პირობების გამო, ყურძენი დაზიანებულია. აქედან გამომდინარე, კარგია რომ სუბსიდირება იქნება; გვეხმარება სახელმწიფო, რაც წაგვადგება მომავალში დავამუშაოთ, ხარისხიანი ყურძენი მოვიყვანოთ და მოვუაროთ. დაზიანებულ ყურძენში 90 თეთრი ნამდვილად მისაღებია”, - აღნიშნა ზურაბ ზურიაშვილმა.
როგორც კახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოს მხარდაჭერით, არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი.
მინისტრი ოთარ შამუგია „კორპორაცია ქინძმარაულის“ კომპლექსშიც იმყოფებოდა. როგორც კორპორაციის დამფუძნებელმა, თამაზ კონჭოშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წელს სეტყვამ მნიშვნელოვნად დააზიანა მათი ვენახები, შესაბამისად, რთველი 2023-ის პროცესში აქტიურად აპირებს მევენახეებისგან ყურძნის შესყიდვას.
„მევენახეებისგან მივიღებთ ყურძენს 500 ტონის ფარგლებში. მადლობა სახელმწიფოს სუბსიდიით მხარდაჭერისთვის, ასევე ხელშეწყობისთვის შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის კუთხით", - აღნიშნა „კორპორაცია ქინძმარაულის" დამფუძნებელმა, თამაზ კონჭოშვილმა.
ცნობისთვის, „კორპორაცია ქინძმარაული“ შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარია. კორპორაციამ, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ისარგებლა ღვინის საწარმოს გადაიარაღების, მანქანა-დანადგარების შეძენის, ვენახის გაშენებისა და ყურძნის შესყიდვის მიზნობრიობებით.
კომპლექსი ღვინის საწარმოს და ტურისტულ სივრცეს მოიცავს. საწარმო ქინძმარაულსა და ყვარლის მიკროზონებში 150 ჰექტარ ვენახს ფლობს, საიდანაც 100 ჰექტარი ქინძმარაულის ტრადიციულ მიკროზონაშია გაშენებული. ყოველწლიურად, კომპანია 25 სახის ღვინოს და 10-მდე სახის ღვინის ბრენდს აწარმოებს, როგორც საკუთარი ვენახებიდან მოწეული ასევე ადგილობრივი გლეხებიდან შეძენილი ყურძნისგან. აღნიშნული პროდუქციის ექსპორტი მსოფლიოს 26 ქვეყანაში ხორციელდება და ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.