მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კორპორაციული ავტომობილების დაზღვევის ბაზარი 5%-ით გაიზარდა, რაც ძალიან დაბალი ტემპია - „ჯიპიაი"

ავტოდაზღვევა

სადაზღვევო კომპანიებში აცხადებენ, რომ მიუხედავად მიმდინარე წლის I კვარტალში სექტორის 15%-იანი ზრდისა, დაზღვევის ცალკეული სახეობები ნელი ტემპით ვითარდება.

როგორც BMG-ის „ჯიპიაი ჰოლდინგში“ განუცხადეს, ერთ-ერთი მიმართულება, სადაც ზრდის ტემპი დაბალია ავტოდაზღვევაა.

კომპანიის NLI ბაზარზე განვითარების დირექტორის მოადგილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა, რომლის მიღებაზეც უკვე წლებია საუბარია, საბოლოოდ ძალაში შევიდეს.

“სადაზღვევო ბაზარი ერთი მხრივ 15%-ით გაიზარდა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ თუ გამოვაკლებთ ჩვენ ამას სახელმწიფო ტენდერებს, სავალდებულო დაზღვევას, რომელიც ეხება შემოსულ ავტომობილებს და ბანკებისგან ძირითად დაზღვევას, სიცოცხლის დაზღვევას, ვნახავთ, რომ ზრდის ტემპი დაახლოებით 10%-ია. ეს კი ძალიან დაბალი ზრდის ტემპის მაჩვენებელია და ბაზრისთვის და კომპანიებისთვის საყურადღებოა.

მნიშვნელოვანია, რომ ერთხელ და სამუდამოდ სავალდებულო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე [ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევა] გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, რაც მოგვცემს საშუალებას ავტომობილების დაზღვევის ბაზარი გაიზარდოს. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ზოგადად ავტომობილების დაზღვევის, პენეტრაციას. ჩვენ ვხედავთ, რომ საცალო ავტომობილების დაზღვევა მეტ-ნაკლებად ნორმალური ტემპით იზრდება, ხოლო კორპორაციული ავტომობილების დაზღვევა შეიძლება ითქვას, რომ თითქმის არ იზრდება, დაახლოებით 5%-ია ზრდა, რაც ძალიან დაბალი ზრდის ტემპის მაჩვენებელია”, - განაცხადა კონსტანტინე მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველ კვარტალში სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 521 მლნ ლარი შეადგინა. 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მოზიდული პრემიის მოცულობა 15%-ით არის გაზრდილი.

საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 8%-ია დაზღვეული. 2026 წლის 3 თვეში პოლისების რაოდენობა 155 671-მდე (წლიური ზრდა 11%) გაიზარდა. ამ პერიოდში სადაზღვევო სექტორმა ავტოდაზღვევის მიმართულებით 93.5 მლნ ლარის პრემია მოიზიდეს, რაც წლიურად 9.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები