გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით, კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსი საქართველოში მეცხრედ გაიმართება.
კონკურსის ნომინაციები, ტრადიციულად, გაეროს მიერ 2015 წელს დამტკიცებული მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) შესაბამისად განისაზღვრა.
წარდგენილ განაცხადებს შეაფასებს დამოუკიდებელი ჟიური, რომელიც ქართველი და საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკომპლექტდება.
2026 წლის კონკურსის ნომინაციები გაეროს მდგრადი განვითარების შემდეგ მიზნებს ეფუძნება:
SDG 3 — ჯანმრთელობა და კეთილდღეობა
SDG 4 — ხარისხიანი განათლება
SDG 7 — ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგია
SDG 8 — ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა
SDG 12 — მდგრადი მოხმარება და წარმოება
SDG 17 — პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის
(პარტნიორული პროექტები და მდგრადი დაფინანსება)
„კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2026 – ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ განკუთვნილია ქართულ ბაზარზე მოქმედი პროგრესული და თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებული ბიზნესებისთვის, რომელთა საქმიანობა ეფუძნება მაღალი პასუხისმგებლობისა და ეთიკური მართვის სტანდარტებს, ორიენტირებულია მდგრად განვითარებაზე და ქმნის გრძელვადიან სარგებელს როგორც კომპანიისთვის, ისე საზოგადოებისთვის.
ღონისძიების მიზანია იმ კომპანიების აღიარება და წახალისება, რომლებიც საკუთარი საქმიანობით ქმნიან პოზიტიურ სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით გავლენას და აქტიურად უწყობენ ხელს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას.
კონკურსში მონაწილეობა კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, წარმოაჩინონ საკუთარი პასუხისმგებლიანი და მდგრადი ინიციატივები, მოიპოვონ პროფესიული აღიარება და გააძლიერონ ნდობა პარტნიორებისა და მომხმარებლების მხრიდან.
დაინტერესებულ კომპანიებს განაცხადის შეტანა და კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება ჯილდოს ოფიციალურ ვებგვერდზე შეუძლიათ: https://corporateaward.ge/
კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსი საქართველოში ტარდება გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივითა და შვედეთის მხარდაჭერით.

























