მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) – რეგულაციების ტვირთი თუ ბიზნესის განვითარების სტრატეგიული ინსტრუმენტი?

სოციალური პასუხისმგებლობა
15.10.24 12:25
114

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) და მდგრადი განვითარების პრინციპების ინტეგრაცია თანამედროვე ბიზნესსამყაროში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც გლობალურ სტანდარტებთან შესაბამისობისთვის იბრძვიან. საქართველოსთვის, როგორც გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, CSR ერთდროულად გამოწვევებს და შესაძლებლობებს წარმოადგენს. საქართველომ, განსაკუთრებით 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, CSR-ის პრაქტიკის მიღება და განვითარება დაიწყო. ამ შეთანხმებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა პასუხისმგებელი ბიზნესპრაქტიკის დაწინაურებასა და მდგრადობის პრინციპების კორპორაციულ სტრატეგიებში ინტეგრირებაში.

საქართველოში CSR-ის მნიშვნელობა მზარდია, რადგან კომპანიები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ მის პოტენციალს შექმნან გაზიარებული ღირებულებები როგორც ბიზნესებისთვის, ასევე საზოგადოებისათვის. მიუხედავად მზარდი ინტერესისა, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ემპირიული მტკიცებულებების ნაკლებობა იმის შესახებ, თუ როგორ აისახება CSR პრინციპების განხორციელება ქართულ კომპანიებში და მისი გავლენა ბიზნესის წარმატებაზე. განვითარებულ ქვეყნებში CSR-ის სარგებელი კომპანიის რეპუტაციისა და მომხმარებელთა ერთგულების მხრივ კარგად არის დადასტურებული, თუმცა საქართველოში და სხვა განვითარებად ეკონომიკებში ამ მიმართულებით კვლევები კვლავ შეზღუდულია.

ეს კვლევა მიზნად ისახავს აღნიშნული ხარვეზის შესწავლას და ქართულ ბიზნეს ლანდშაფტში CSR-ის ტენდენციებისა და ზეგავლენის გამოვლენას. კვლევა განსაკუთრებული ყურადღებას აქცევს CSR -ის გავლენას კომპანიის რეპუტაციისა და მომხმარებელთა ერთგულების გაუმჯობესებაზე.

CSR საერთაშორისო ბაზრებში: ზეგავლენა რეპუტაციაზე, ფინანსურ მდგრადობაზე, მომხმარებელთა ერთგულებასა და ორგანიზაციულ ეფექტურობაზე

გლობალურად, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) დიდწილად სცილდება მხოლოდ იურიდიულ მოთხოვნებს და კომპანიებისთვის სტრატეგიულ აუცილებლობად იქცა. საერთაშორისო მასშტაბით, CSR ინიციატივები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც კომპანიის რეპუტაციაზე, ასევე მის ფინანსურ სტაბილურობაზე, მომხმარებელთა ერთგულებასა და ორგანიზაციულ შედეგებზე. კომპანიები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ CSR საქმიანობაში, ხშირად აღიქმებიან უფრო სანდო და ეთიკურ ორგანიზაციებად, რაც აძლიერებს მათი ბრენდის იმიჯს, ამყარებს დაინტერესებულ მხარეების ნდობას და ამცირებს რეპუტაციულ რისკებს. ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა Patagonia დაToms Shoes, CSR თავისი ბრენდის იდენტობის ნაწილად აქციეს, რითაც მოიპოვეს დადებითი რეპუტაცია ეკოლოგიაზე ორიენტირებულ მომხმარებლებში.

გარდა ამისა, CSR ინიციატივები, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც მიმართულია გარემოსდაცვით და სოციალურ პასუხისმგებლობაზე, ხშირად მოიზიდავენ დადებით მედია ყურადღებას, რაც კიდევ უფრო აძლიერებს კომპანიის საზოგადოებრივ იმიჯს. ეს ხილვადობა კომპანიებს საშუალებას აძლევს გააძლიერონ ურთიერთობები დაინტერესებულ მხარეებთან, გაამყარონ ნდობა და შექმნან გრძელვადიანი ერთგულება. ინვესტორები და სხვა დაინტერესებული მხარეები უფრო მეტად მხარს უჭერენ იმ კომპანიებს, რომლებიც ავლენენ ეთიკური და მდგრადი პრაქტიკის ერთგულებას, რაც ხელს უწყობს ფინანსური რესურსების მოზიდვას და ხელმისაწვდომი კაპიტალის განაკვეთების შემცირებას.

ფინანსური სტაბილურობის მხრივ, CSR აქტივობები ირიბად უწყობენ ხელს კონკურენტული უპირატესობისა და მომხმარებელთა ერთგულების განვითარებას. კვლევები აჩვენებს, რომ კმაყოფილი და ერთგული მომხმარებლები უფრო მეტად ავრცელებენ დადებით ცნობებს კომპანიებზე, რაც აძლიერებს კომპანიის ბაზრის წილს. გარდა ამისა, კომპანიები, რომლებიც ძლიერი CSR პროგრამებს ნერგავენ, შეძლებენ პრემიალური ფასების დაწესებას, რადგან მომხმარებლები მზად არიან მეტი გადაიხადონ სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესის პროდუქტებისთვის. გრძელვადიან პერსპექტივაში, CSR კომპანიებს ეხმარება განავითარონ არამატერიალური აქტივები, როგორებიცაა რეპუტაცია და მომხმარებელთა ნდობა, რაც გრძელვადიანი ფინანსური მდგრადობის განმსაზღვრელია.

CSR-ის გამოწვევები და გავლენა ქართულ კომპანიებში

CSR-ის დანერგვა საქართველოში შესაძლებლობებსა და გამოწვევებთან ერთად მიმდინარეობს, რადგან კომპანიები გლობალურ სტანდარტებთან შესაბამისობისკენ ისწრაფვიან. მიუხედავად მზარდი ცნობიერებისა, ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა არის ის, რომ საქართველოში კვლავ შეზღუდულია ემპირიული კვლევები და შეფასების ინსტრუმენტები, რაც ხელს უშლის ბიზნესის მიერ CSR ინიციატივების ეფექტიანობის სრულად გაზომვას. ბევრი ქართული კომპანია ჯერ კიდევ არ ფლობს ფორმალურ ჩარჩოებს, რომლებიც შეძლებდა CSR საქმიანობის ფინანსური შედეგებისა და ოპერაციული ზეგავლენის შეფასებას. ამ მყარი მონაცემების არქონა ართულებს ბიზნესებს CSR-ის რენტაბელობის ზუსტ გამოთვლას და სტრატეგიების შესაბამისად შეცვლას.

მნიშვნელოვანი გამოწვევაა CSR-ისა და მდგრადობის საკითხების შეზღუდული ინტეგრაცია უმაღლეს განათლებაში. უმრავლეს ქართულ უნივერსიტეტებში CSR-ის სრული პროგრამები ან კურსები არ არის შეთავაზებული, რაც ზღუდავს სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მომავალი ბიზნეს ლიდერების განვითარებას. ამასთანავე, ფართოდ გავრცელებული შეხედულებაა, რომ CSR საქმიანობები, მიუხედავად იმისა, რომ რეპუტაციისთვის სასარგებლოა, ხარჯად განიხილება და არა სტრატეგიულ ინვესტიციად.

მეორეს მხრივ, CSR ინიციატივებმა აჩვენა კომპანიის რეპუტაციის გაუმჯობესება და დაინტერესებულ მხარეებთან უფრო ძლიერი ურთიერთობების ჩამოყალიბება, რაც გრძელვადიანი წარმატებისთვის მნიშვნელოვანია. კომპანიები, რომლებიც აქტიურად ახორციელებენ CSR-ს, ხედავენ ბრენდის კაპიტალის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით კრიზისულ პერიოდში, როცა CSR-ზე დაფუძნებული კომუნიკაციის სტრატეგიები ეფექტიანად მართავენ გარე აღქმებს. გარდა ამისა, CSR საერთაშორისო პარტნიორებისთვისა და ინვესტორებისთვის მოთხოვნად ფაქტორად იქცა, რაც ქართულ კომპანიებს გლობალურ ბაზრებზე კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს. მიუხედავად სირთულეებისა, კომპანიები, რომლებიც მდგრადობის სტანდარტებს ნერგავენ და გარემოსდაცვით პრინციპებზე აქცენტს აკეთებენ, სულ უფრო მეტად აცნობიერებენ CSR-ის გრძელვადიან მოგებიანობას და ფინანსურ მდგრადობას.

კვლევები აჩვენებს, რომ CSR ხელს უწყობს კორპორაციული რეპუტაციის და მომხმარებელთა ერთგულების გაძლიერებას, რაც ბიზნესის ზრდას უზრუნველყოფს. თუმცა, შეფასების ინსტრუმენტების და ფორმალური კვლევების ნაკლებობა ზღუდავს CSR-ის ფინანსური ზეგავლენის სრულად შეფასებას. როდესაც საქართველო განაგრძობს CSR-ის განვითარების გზას, კომპანიებმა უნდა განახორციელონ ინვესტიციები შეფასების უკეთეს ჩარჩოებში და საგანმანათლებლო რესურსებში, რათა სრულად გამოიყენონ CSR-ის სარგებელი.

ინფორმაცია, რომელიც მოცემულია ამ კვლევაში, შეიქმნა ხარისხობრივი კვლევის მეთოდოლოგიების საფუძველზე. ჩაღრმავებული ინტერვიუები ჩატარდა საცალო ვაჭრობის, საფინანსო სექტორის, ავტოინდუსტრიის და CSR-ის ექსპერტების წარმომადგენლებთან. ეს ინტერვიუები მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის, თუ როგორ ახორციელებენ ქართული ბიზნესები CSR-ს, რა გამოწვევებს აწყდებიან და რა სარგებელს მოელიან CSR ინიციატივებისგან. ბიზნეს ლიდერებთან პირდაპირი კომუნიკაციის საშუალებით, ეს კვლევა წარმოაჩენს ქართულ კომპანიებში CSR-ის ინტეგრაციის კომპლექსურობას და პრაქტიკულ გამოცდილებას.

კვლევა ჩატარდა კავაკსიის უნივერსიტეტის დოქტორანტის ნინო ჯინჯოლავას და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორის მარიკა მჭედლიძის მიერ.

შედეგები წარდგენილ იქნა 4 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, IX წლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე "მეცნიერება მდგრადი განვითარებისთვის 2024".

კვლევას შეგიძლიათ გაეცნოთ : https://drive.google.com/file/d/1RKy69almXvm6PWZ2KLhvNuW32qYe1o6k/view?usp=sharing

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები