„კორუფციას უნდა ებრძოლო მუდმივად და არა წერტილოვნად და რაღაც პერიოდს, როცა შენ გჭირდება“, - ასე ფიქრობს ბიზნესმენი კახა ხაზარაძე.
„ICR ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ბიზნესისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა თემასთან ერთად, ისაუბრა კორუფციის პრობლემაზე ქვეყანაში, რაზედაც დღეს, თავად „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საუბრობს და აკავებენ სხვადასხვა თანამდებობის ყოფილ პირებს.
კახა ხაზარაძის თქმით, ბიზნესს აწუხებს ყველა ის საკითხი, რაც საზოგადოებას, რადგან ბიზნესმენებიც ამ საზოგადოების ნაწილი არიან.
„ბიზნესს აწუხებს ყველა ის რეალური პრობლემა, რაც ქვეყანაშია: ინსტიტუციების ჩამოშლა, პირდაღებული კორუფცია... ბოლო ორი წლის განმავლობაში თქვენთან ინტერვიუებშიც მითქვამს, რომ ქვეყანა კორუფციაში ჩაეფლო, მაგრამ თუმცა დღეს თვითონაც აღნიშნავენ ამას და [გვეუბნებიან], რომ ბრძოლა გამოუცხადეს, თუმცა რას გამოუცხადეს ბრძოლა, ჩემთვის ცოტა ბუნდოვანია... რატომ? - ჩვენ თუ გადავხედავთ, თანამდებობის ყოფილ პირებს, [ვისზეც სხვადასხვა საქმეზე გამოძიებაა დაწყებული], ცხადია, კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემები ახალი არაა და წლებია გრძელდება. შეიძლება, 2012 წლიდან არ დაწყებულა, მაგრამ ბოლო 8-9 წელია ამ პროცესში ვართ.ეს კი იმას ნიშნავს, რომ მმართველი რგოლი ამ [პრობლემებს] ხედავდა და თუ ხედავდა, რატომ არ რეაგირებდა?! ან რა ემსახურება მათი დღევანდელი მოქმედებები?! - ვფიქრობ, ადამიანების ჩანაცვლება ხდება [გუნდში] შიდა დაპირისპირების გამო. რეალურად, კორუფციას როცა ებრძვი, კორუფციას უნდა ებრძოლო მუდმივად და არა წერტილოვნად და რაღაც პერიოდს, როცა შენ გჭირდება. ჩემი გადმოსახედიდან, ასე ჩანს დღეს და ამიტომაცაა ბუნდოვანი...“, - განაცხადა კახა ხაზარაძემ და მაგალითად მოიყვანა ირაკლი ღარიბაშვილის საქმე, რომელსაც გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, მაგრამ ციხეში არ გაუშვიათ და ₾1 მილიონიანი გირაო შეეფრდა.
„ვნახეთ, რომ ის გირაოთი სახლში გაუშვეს, როცა რუსთაველის გამზირზე, გზაზე გადარბენისთვის მოქალაქეებს 2-2 კვირა აპატიმრებენ. ეს არის ორმაგი სტანდარტი - დანარჩენის შეფასება საზოგადოებისთვის მომინდვია“, - განაცხადა კახა ხაზარაძემ.
ბიზნესმენის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების უმრავლესობამ გაიაზროს, რომ მათ მიერ გადახდილი გადასახადებით ივსება სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელსაც მთავრობა ხარჯავს.




























