კორუფციული შემთხვევები რეპუტაციულ ინვესტორებს აფრთხობს - ასე აფასებს ენერგეტიკოსი არჩილ მამათელაშვილი ბოლო პერიოდში საქართველოში, მათ შორის, ენერგეტიკის სექტორში გამოვლენილ კორუფციულ გარიგებებს.
ბოლო პერიოდში კორუფციის, შეთანხმებული ქმედებების, თუ ქრთამის აღების ფაქტზე არაერთი პირის დაკავება მოხდა. მათ შორის, 23 დეკემბერს, ბრალდება წარედგინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ექს-უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს. საუბარია ქრთამის აღების რამდენიმე ეპიზოდზე, მათ შორისაა $1 მილიონის ქრთამის აღება ქარის ელექტროსადგურის პროექტსა და 1.5 მლნ ლარის ქრთამზე გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარებაზე.
"როდესაც ქვეყანაში არის კორუფციის შემთხვევები, ქვეყანა დაკარგავს ისეთი კომპანიებს, რომლებსაც უფრო მაღალი სტანდარტები აქვთ, არიან უფრო გამჭვირვალე და არ ერთვებიან კორუფციაში. დაკარგავს ასე ვთქვათ, კარგ ინვესტორებს, იმიტომ რომ თუ არის ეჭვი იმის, რომ ქვეყანაში არის კორუფცია, არასამართლიანი კონკურენცია, რა თქმა უნდა, ეს უარყოფით გავლენას მოახდენს. მეორეს მხრივ, ასეთი ქვეყნით ინტერესდებიან ისეთი კომპანიები, ისეთი ჯგუფები, რომლებიც მეგობრულად არიან განწყობილი კორუმპირებულ ადამიანებთან და მათი ბიზნესმოდელშიც კორუფცია პრობლემა არ არის. ეს საბოლოო ჯამში ცუდია, იმიტომ რომ კორუფცია უფრო გამყარდება და გაძლიერდება ორივე მხრიდან. იმის გამო, რომ კორუფცია გრძელვადიან პერსპექტივასაც ამცირებს, ეს ცუდ გავლენას მოახდენს კარგი ინვესტორების გრძელვადიან გადაწყვეტილებებზე",- ამბობს ენერგეტიკოსი BMG-სთან.




























