მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კოტე სულამანიძე სადაზღვევო ინდუსტრიის მიერ ზედამხედველის დაფინანსებას "სწორ ინიციატივას" უწოდებს

5891cd3c8e641
თელარა გელანტია
01.02.17 15:53
1165
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი კოტე სულამანიძე სადაზღვევო ინდუსტრიის მიერ ზედამხედველის დაფინანსების მოდელზე გადასვლას დადებითად აფასებს და "სწორ ინიციატივას" უწოდებს.

როგორც კოტე სულამანიძემ "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, დაზღვევის შესახებ კანონ-პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ როდის დაიწყება პარლამენტში დოკუმენტის განხილვა არ დაუკონკრეტებია.

"პირველ რიგში, ძალიან სწორი ინიციატივაა. მსოფლიო რეგულატორების დაახლოებით 90% მსგავს მოდელზე არის ანუ მათი დაფინანსება სწორედ მათი რეგულირებს ქვეშ მყოფი ინდუსტრიიდან ხდება. ეს გარკვეულწილად დამოუკიდებლობას აძლევს უშუალოდ ზედამხედველს. კერძოდ, ზედამხედველი დამოუკიდებელი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტისა და შესაბამისად, სახელმწიფო ჩარევებისგან და განახორციელებს სწორ საზედამხედველო პოლიტიკას. ამ მიმართულებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. ჩვენი კუთხით მუშავდება კანონპროექტი. სადაზღვეო სფეროც აცნობიერებს, რომ ეს არის სწორი მიდგომა და რეალურად მათივე ბენეფიტებისთვის არის მიმართული", - განაცხადა კოტე სულამანიძემ.

კითხვაზე - "არის თუ არა სადაზღვეო ინდუსტრია ახალი მოდელისთვის მზად", სულამანიძემ აღნიშნა, რომ "მზად იქნებიან".

რაც შეეხება კრიტერიუმებს, თუ რის მიხედვით მოუწევთ სადაზღვეო კომპანიებს ზედამხედველის დაფინანსებისთვის თანხების გაღება, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ კრიტერიუმებზე მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს.

"შესაძლოა, პრემიებზე მიბმული იყოს, არაა გამორიცხული, რომ ბაზრის წილზეც იყოს მიბმული. გარკვეული მონახაზი გვაქვს. შევჯერდებით სექტორთან ერთად და შემდგომ განვაცხადებთ. მთავარია, არ დაირღვეს პრინციპი, რომ ამან არ გამოწვიოს ზედამხედველობის მიკერძოებულობა", - აღნიშნა კოტე სულამანიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები