კოვიდგადატანილ ბავშვებს მოგვიანებით პირველი ან მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების მაღალი რისკი აქვთ - ეს დასკვნა ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მორიგი კვლევის შედეგია. CDC-ში აცხადებენ, რომ დიაბეტი კორონავირუსის კიდევ ერთი პოტენციური გართულებაა. ინფორმაციას ამერიკული „ფორბსი“ ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ CDC 1,7 მილიონ ბავშვზე ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვით კოვიდინფიცირებულ ბავშვებს 2,66-ჯერ ანუ 166%-ით უფრო ხშირად დაესვათ დიაბეტის დიაგნოზი კორონავირუსით ინფიცირებიდან 30 დღის შემდეგ, ვიდრე მათ, ვისაც Covid 19 არ გადაუტანია. კვლევის ანგარიშში წერია, რომ კავშირი Covid-19-სა და დიაბეტს შორის არსებობს- კორონავირუსი თავს ესხმის პანკრეასის უჯრედებს, რომლებიც ადამიანის სხეულში ინსულინს წარმოქმნიან.
სწორედ ამიტომ, ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრში covid 19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს, განსაკუთრებით - 5 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში.