მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კოვზანაძე-გვენეტაძის პარლამენტში დაბარებაზე: საზედამხედველო ღონისძიებები კონფიდენციალურია

5c76b9b68a5af
დათო ჯალაღონია
27.02.19 23:00
1871
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის კომიტეტზე მისვლის თარიღი უახლოეს დღეებში გადაწყდება.

„ჩვენ მოვისმინეთ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის განცხადება, რომ მათ აქვთ სურვილი, მოვიდნენ პარლამენტში და პარლამენტარებს გააცნონ ინფორმაციები, გადასცენ მასალები, რაც მათ აქვთ. ეს იყო დაახლოებით, ერთი კვირის წინ და მაშინვე ვთქვი, რომ პარლამენტი ღიაა და უშუალოდ საფინანსო-საბიუჯტო კომიტეტში ისინი შეიძლება, მოვიდნენ და ჩვენ - მოვუსმინოთ. მე ახლაც ვადასტურებ, რომ ჩვენს კომიტეტში შეიძლება, ეს შეხვედრა მოვაწყოთ“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ BM.GE-თან საუბრისას.

მიუხედავად შეხვედრასთან დაკავშირებით მზაობისა, კომიტეტის თავმჯდომარე ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, ხაზარაძისა და ჯაფარიძის მოსმენა მედიისთვის ღია იქნება, თუ - დახურული.

„ამ დეტალებზე ჩვენ შევთანხმდებით. მე განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ“, - აღნიშნა მან.

ხაზარაძისა და ჯაფარიძის გარდა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე TBC ბანკის საქმესთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტძესაც ელოდებიან, თუმცა აღნიშნულ მოთხოვნას ისევ ფრაქცია „ევროპული საქართველო“ აყენებს.

საპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივის შეფასებისას ირაკლი კოვზანაძე ამბობს, რომ ეროვნული ბანკის საზედამხედველო ღონისძიებები კონფიდენციალურია.

„ეროვნულმა ბანკმა ამასთან დაკავშირებით სპეციალური წერილი გაავრცელა წინა დღით, სანამ სხდომა (დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის) ჩატარდებოდა. ამ წერილში მნიშვნელოვანი არგუმენტები იყო, თუ რატომ არ აპირებდნენ ამ თემაზე მოსვლას. ახლაც, „ევროპული საქართველო“ კონკრეტულად აყენებს საკითხს, რომ მათ უნდათ „თიბისისთან“ დაკავშირებით ეროვნული ბანკის მოსმენა. მე მინდა ჩემი ხედვა გაგიზიაროთ - საზედამხედველო ღონისძიებები არის კონფიდენციალური და დახურული ნებისმიერი მესამე მხარისათვის.

მეორე - ეროვნული ბანკის განცხადებაში ასევე მოცემული იყო, რომ სამართლებრივი პროცესი „თიბისი ბანკმა“ ეროვნული ბანკის მიმართ შეწყვიტა. ერთობლივი განცხადებაც გავრცელდა. ეროვნული ბანკი ამბობს, რომ ეს ღონისძიებები კონფიდენციალურია და აქედან უნდა ამოვიდეთ - რამდენად ღირს ან საჭიროა და მნიშვნელოვანი ეროვნული ბანკის დაძახება კონკრეტულად ამ საკითხზე. მეორეს მხრივ, ჩვენ კობა გვენეტაძეს სისტემატიურად ვეძახით. ის ვალდებულია, მოვიდეს და წარმოადგინოს ეროვნული ბანკის წლიური ანგარიში, ანგარიშგებები. ასევე, ის წარმოადგენს ხოლმე ცენტრალური ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკას. მას აქვს ანგარიშვალდებულება პარლამენტის, უპირველეს ყოვლისა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წინაშე. ეს არის ჩემი ხედვა“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ვიზიტი გუშინ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ისე დასრულდა, რომ მან დღის წესრიგით გათვალისწინებულ თემებზე - TBC ბანკის საქმესა და საბანკო რეგულაციებზე არ ისაუბრა. სიტყვით გამოსვლის საშუალება არც მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მიეცათ.

სწორედ ამ კომიტეტის სხდომის შედეგის გათვალისწინებით, ფრაქცია „ევროპულმა საქართველომ“ კობა გვენეტაძე ამჯერად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე დაიბარა და შესაბამისი წერილით კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართა.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საპარლამენტო ფრაქცია - „ევროპული საქართველო“ მოითხოვს კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენატაძის სავალდებულო მოწვევას. ჩვენი ინტერესის საგანია „თიბისი“ ბანკთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები“, - ნათქვამია ფრაქციის თავმჯდომარის ოთარ კახიძის განცხადებაში.

აქვე, გთავაზობთ ამონარიდს პარლამენტის რეგლამენტიდან:

„მუხლი 40. კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრება

1. საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი (მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი ან თანამდებობის პირი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის ან სხვა საკანონმდებლო აქტის თანახმად პარლამენტს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს ან რომლის სხვა სახის ანგარიშვალდებულებას პარლამენტის წინაშე უშუალოდ ითვალისწინებს საკანონმდებლო აქტი), პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი, საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ვალდებულია რეგლამენტით დადგენილი წესით დაესწროს კომიტეტის სხდომას, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომიტეტმა“, - წერია პარლამენტის რეგლამენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები