პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, 1 იანვრიდან ამოქმედებული საბანკო რეგულაციების ეკონომიკაზე გავლენის შესაფასებლად „მცირე დროა“ გასული, თუმცა, ირაკლი კოვზანაძე შიდა განვადებების სისტემის დანერგვის საჭიროებაზე საუბრობს.
საქმე ისაა, რომ IMF ეკონომიკური ზრდის რისკებს შორის ფიზიკური პირების დაკრედიტების წესის ცვლილებას ასახელებს.
“ეკონომიკურ პერსპექტივაზე მოქმედ დაღმავალ რისკებს შორისაა სავაჭრო პარტნიორების დაბალი ზრდა, საერთაშორისო სავაჭრო დაძაბულობა და დაკრედიტების ზრდის მოსალოდნელზე მეტად შენელება,” - ნათქვამია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც საქართველოში ფონდის მისიის ვიზიტის შედეგებს ეხება.
ირაკლი კოვზანაძის თქმით, ჯერჯერობით, რეგულაციების გავლენის შესაფასებლად მცირე დროა გასული.
„როდესაც საკრედიტო რეგულაციებს ვიღებდით, მაშინ ჩვენ ვთქვით, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ რეგულაციებს ეკონომიკის ზრდაზე, შემცირების კუთხით, გავლენა ექნებოდა, მაგრამ წლიურ ჭრილში 0.8% იქნებოდა ეს გავლენა თუ 0.7% შემცირების კუთხით, ამაზე მაშინ არავინ საუბრობდა და ახლაც მიმაჩნია, რომ ჯერჯერობით, ნაადრევია. საერთოდ, როდესაც საუბრობენ, რომ გაყიდვებია შემცირებული, მესმის, შეიძლება ეს ასეც არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ - აქ არის პირველი ფაქტორი - რეგულაციების შემოღებიდან ძალიან მცირე დროა გასული და გარდა ამისა, გარკვეული რეკომენდაციები შეიძლება გაიცეს ასეთი ორგანიზაციების მიმართ - ხომ არ არის საჭირო, რომ განვითარდეს შიდა განვადების სისტემა, რომ რისკები თუნდაც გადასული საბანკო ორგანიზაციების კუთხით, აღებული იქნეს ამ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც გაყიდვებს ავითარებენ. ვფიქრობ, ეს ფორმა საინტერესო იქნება და დაინერგება ამ ორგანიზაციების მიერ“, - განაცხადა bm.ge-თან კოვზანაძემ და კიდევ ერთხელ დასძინა, რომ როცა ერთი კვარტალიც კი არაა გასული, რეგულაციების ეფექტზე საუბარი, ნაადრევია.
„რეგულაციების გავლენის შეფასების შემდეგ ყველანაირი რეგულაციის გადახედვა შესაძლებელია, მაგრამ ჯერ მცირეა დროა გასული“, - აღნიშნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს თავმჯდომარემ.
2019 წლის 1 იანვარს ქვეყანაში ამოქმედებულ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით, რომელმაც ფიზიკური პირების დაკრედიტების წესი შეცვალა, ჯერჯერობით, არც მთავრობა და არცეროვნული ბანკი საკუთარი შეფასების წარდგენას არ გეგმავს.
კობა გვენეტაძის განცხადებით, არსებული სტატისტიკური მონაცემები დასკვნების გაკეთებისთვის ნაადრევია.
"ის სტატისტუკური ინფორმაცია, რაც დღეს გვაქვს, არ იძლევა საფუძველს ღრმა ანალიზი შემოგთავაზოთ ამ საკითხზე. ვფიქრობთ, რომ ნაადრევია ამ საკითხზე საუბარი, სანამ პირველი კვარტლის მაჩვენებლები არ იქნება წარმოდგენილი. სხვადასხვა ორგანიზაციები ცალსახად დადებითად აფასებენ ამ რეგულციებს. როგორც იცით, 2019 წლის 22 თებერვალს Fitch-მა გააუმჯობესა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი და ორგანიზაციის განცხადებაში ცალსახად არის აღნიშნული, რომ რეგულაციები დაეხმარება ფინანსურ სტაბილურობას. მას შემდეგ რაც გვექნება პირველი კვარტლის შედეგები, მას შემდგ იქნება უფრო უპრიანი ამ საკითხის განხილვა," - განაცხადა კობა გვენეტაძემ რამდენიმე დღის წინ პარლამენტში.
ხელისუფლებისგან და ეროვნული ბანკის განსხვავებით, კერძო სექტორის წარმომადგენლები როგორც სამშენებლო ბიზნესიდან, ისე ავეჯის თუ ტექნიკის მაღაზიებიდან მიიჩნევენ, რომ საბანკო რეგულაციების ამოქმედებიდან 2 თვის თავზე მკვეთრად შემცირებულია განვადებები, ამიტომ ისინი რეგულაციების შერბილებას ან შიდა განვადებების გააქტიურებას ითხოვენ.
ცნობისთვის: გართულებული დაკრედიტების 2 თვის ეფექტზე გადაცემა "საქმიანმა დილამ" სიუჟეტი მოამზადა, რომლის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე: https://www.facebook.com/www.bm.ge/videos/405254463542614/

























