KPMG საქართველოს შემოსავლები უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში გაორმაგდა, რაც განპირობებულია კომპანიის საქმიანობის ყველა მიმართულების, კერძოდ აუდიტორული, საგადასახადო, იურიდიული და საკონსულტაციო მომსახურების ზრდით. 2016 წლის 1 ოქტომბრიდან კახა რუხაძე KPMG საქართველოს პარტნიორი გახდა, რამაც საქართველოში კომპანიის პარტნიორთა რიცხვი ორამდე გაზარდა. აღნიშნული დაწინაურება განპირობებულია არა მხოლოდ კახას მიღწევებით, არამედ საქართველოსა და კერძოდ პროფესიული სერვისების ბაზრის განვითარების მაღალი დონით.
საგადასახადო საქმის პროფესიონალი, კახა რუხაძე, KPMG საქართველოს წარმატების ერთერთი შემოქმედია.
კახა KPMG-ში 2007 წლიდან მუშაობს, რასაც წინ უძღვოდა საქმიანობა საგადასახადო სფეროში საკონსულტაციო კომპანია „ალექსანდრე“-სა და შპს „გამა“-ში. უკანასკნელი ცხრა წლის განმავლობაში კახა რუხაძემ უდიდესი წვლილი შეიტანა KPMG საქართველოს განვითარებაში, თუმცა მისი საქმიანობა მხოლოდ ამ მიმართულებით არ შემოიფარგლება. სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით კახამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყანაში საგადასახადო კუთხით ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაში. იგი არის საქართველოს პროფესიონალ აუდიტორთა და ბუღალტერთა ფედერაციის საბჭოს წევრი, კერძოდ საგადასახადო კომიტეტის ხელმძღვანელი. ამასთანავე, კახა ამერიკის სავაჭრო პალატის ბიზნეს სამართლისა და საგადასახადო კომიტეტის, ასევე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საგადასახადო კომიტეტის აქტიური წევრია. იგი არის ერთ-ერთი ავტორი და მთავარი რედაქტორი წიგნისა ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის კომენტარები“(2012).
KPMG საქართველოს მმართველი პარტნიორის, ენდრიუ კოქსშელის, განცხადებით: „უკანასკნელ ხანებში კომპანიამ გლობალური მასშტაბით შეიმუშავა კონცეფცია ე.წ „KPMG-ის ისტორია“, რომლის ნაწილს წარმოადგენს ჩვენი მიზანი „ნდობის ამაღლება და ცვლილების ხელშეწყობა“. ჩემი აზრით, კახა არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ უნდა ახორციელებდეს აღნიშნულ მიზანს ნამდვილი პროფესიონალი. საგადასახადო კოდექსის სიღრმისეული ცოდნით, საქართველოს შემოსავლების სამსახურთან, სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციებთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობისას კახა აღძრავს ნდობას ცალკეულ პირებთან, ორგანიზაციებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან ბალანსის დაცვით, რაც ასე მნიშვნელოვანია სამართლიანი და განვითარებული საზოგადოებისთვის. პროფესიონალიზმისა და პატიოსნების უმაღლესი სტანდარტების დაცვით, კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნით, კახა ხელს უწყობს ცვლილებების დანერგვას საკუთარ გუნდში, კომპანიასა და ქვეყანაში. ეს არის დამსახურებული წარმატება და მე, ისევე როგორც KPMG საქართველოს ყველა თანამშრომელი, უაღრესად ამაყი ვარ ამ მიღწევით.“
კახა რუხაძე: "ვამაყობ, რომ ვარ KPMG-ის თანამშრომელი, კომპანიის, რომლის ფასეულობებიც ემთხვევა ჩემს ღირებულებებს. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ზოგჯერ კლიენტებს არ მოსწონდეთ რასაც ეუბნები ან შემოსავლების სამსახური მყარად იცავდეს საკუთარ პოზიციას, თუმცა საბოლოო ჯამში შენ იცი, რომ იქცევი სამართლიანად, იცავ მაღალ პროფესიულ სტანდარტებს და საკუთარ კლიენტებს აძლევ სწორ, დასაბუთებულ რჩევებს. პარტნიორის პოზიცია მაკისრებს დამატებით პასუხისმგებლობას როგორც კომპანიის შიგნით, ისე მის გარეთ. ვიმედოვნებ, რომ ვიქნები ცვლილებების ინსპირატორი არა მხოლოდ საკუთარი გუნდისთვის, არამედ ჩვენი კლიენტებისა და ზოგადად ქვეყანისათვის, რათა ერთად შევქმნათ და განვავითაროთ უკეთესი საქართველო.“
საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორმა, გიორგი პერტაიამ, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა: ,,მოხარული ვარ რომ კახა რუხაძე KPMG საქართველოს პარტნიორი გახდა. კახასთან მრავალწლიანი ურთიერთობა მაკავშირებს და ვიცნობ მას, როგორც ნამდვილ პროფესიონალს, ასევე ადამიანს, რომელიც თავდაუზოგავად შრომობს უცხოელ ინვესტორებთან საქართველოს პოპულარიზაციის კუთხით და ხელს უწყობს ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას. კახა არის პიროვნება, რომელიც ხშირად ქვეყნის ინტერესებს საკუთარი თუ კომპანიის ინტერესებზე მაღლა აყენებს და სწორედ ეს გამოარჩევს მას სხვებისგან.“

























