კრედიტის მიღების მსურველებს შემოსავლების გათეთრება მოუწევთ, - ამის შესახებ ,,საქმიანი დილის“ ეთერში OKay-ის მმართველმა პარტნიორმა ნიკოლოზ ფერიაშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, ეს მათი ფინანსების 25%-იან კლებას გამოიწვევს, რადგან ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის გადახდა მოუწევთ.
"მოსახლეობამაც უნდა მიიღოს ამ ყველაფერში მონაწილეობა და გადაწყვიტოს სესხზე წვდომა უნდა, თუ არ უნდა. მოკლევადიან პერსპექტივაში კრედიტების გაცემაზე შეზღუდვების დაწესება ბანკებს ურტყავს, თუმცა ბანკები გადაიტანენ ამას, რადგან დიდი ორგანიზმია ქვეყნის, მაგრამ ხალხს რომ არ დარჩება პერსპექტივა სესხი აიღოს, რა უნდა გააკეთოს?
გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ 700 000-მა ადამიანმა, რომლებიც ვერ ადასტურებენ თავიანთ შემოსავლების წყაროს, უნდა დაიწყონ შემოსავლების გათეთრება, ანუ გადასახადების გადახდა. ამას 25%-ით გაძვირების ეფექტი ექნება, რადგან თუ 1000 ლარი აქვთ შემოსავალი, 250 ლარი ბიუჯეტში უნდა გადაიხადონ.
პარალელურად აუცილებლად გაჩნდება შავი ბაზრები, ანუ მევახშეების ინსტიტუტი გაძლიერდება, რაც კიდევ უფრო გააძვირებს ამ ხალხისთვის კაპიტალს“ - განაცხადა ნიკოლოზ ფერიაშვილმა.

























