მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრედიტით აშენებული ტურისტული ობიექტები მთავრობამ საპატრიარქოს გადასცა

5a7bf781af624
მარი როჭიკაშვილი
08.02.18 11:06
24344
• იყალთოს მონასტრის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული შენობა და საზოგადოებრივი ობიექტი
• იყალთოს ქვევრის სკოლა ლიცეუმი "ქვევრის სახლი"
• ვიზიტორთა მართვის ცენტრი – "შუამთის კარიბჭე"
• ახალი შუამთის მონასტრის მიმდებარედ საზოგადოებრივი ობიექტები
• ძველი შუამთის მონასტრის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული შენობა და საზოგადოებრივი ობიექტი

ყველა ეს შენობა დღეს უკვე საპატრიარქოს ბალანსზეა. მსოფლიო ბანკის კრედიტით 2015–2016 წლებში აშენებული ტურისტული ობიექტების ჯამური ღირებულება 7,5 მილიონ ლარს შეადგენს, მთავრობამ სესხით აშენებული ობიექტები საპატრიარქოს უზურფუქტის უფლებით, 49 წლის ვადით გადასცა.

მათგან ყველაზე მსხვილი, სოფელ იყალთოში ქვევრის სკოლა ლიცეუმი – "ქვევრის სახლია". თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო-მუზეუმი 5 მილიონი ლარი დაჯდა. უფრო კონკრეტულად კი მშენებლობა 2 645 792 ლარი დაჯდა, საცხობი ღუმელის შეძენა-დამონტაჟება კი 2 086 637 ლარი. პროექტის მიზანი საქართველოში ქვევრის დამზადების ტრადიციული მეთოდების აღდგენა და სოფელ იყალთოს ტურისტული და საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარება იყო.

ასევე მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით აშენდა ძველ და ახალ შუამთაში ტურისტული ობიექტები, რომელთა საერთო ღიებულებამ 2 645 792 ლარი შეადგინა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ვიზიტორთა მართვის ცენტრი “შუამთის კარიბჭე”, ახალი შუამთის მიმდებარედ აშენდა ინფრასტრუქტურული შენობები და საზოგადოებრივი ობიექტები.

შენობებთან ერთად საპატრიარქოს საკუთრებაში გადავიდა ასევე შუამთაში მდებარე 22 440 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

ტურისტული ობიექტები "რეგიონული განვითარების პროექტის" ფარგლებში აშენდა. პროექტისთვის მსოფლიო ბანკმა 2012 წელს 60 მილიონი დოლარის სესხი დაამტკიცა, რომლის მიზანიც, კახეთის რეგიონში ტურიზმსა და კულტურულ მემკვიდრეობაზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებისთვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა.

აღსანიშნავია, რომ ამავე პროექტით აშენებული კიდევ ერთი ტურისტული ობიექტი "მაწვნის სახლი ალავერდთან", მთვრობამ საპატრიარქოს 2013 წელს გადასცა. მისი მშენებლობა 1 მილიონი ლარი დაჯდა.

ტურისტული ობიექტების საკუთრებაში გადაცემა საპატრიარქომ, მშენებლობის დასრულებისთანავე მოითხოვა. მიზეზად ობიექტების ეკლესია–მონასტრების მიმდებარედ განთავსება დასახელდა.

როგორც საპატრიარქოს მიერ ეკონომიკის სამინისტროსადმი გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, ტურისტული ობიექტების სწორად და ეფექტიანად ფუნქციონირება პირდაპირ არის დაკავშირებული სამონასტრო ცხოვრების წესთან და მონასტრულ გარემოსთან.

"ალავერდის ეპარქიას აქვს სურვილი და შესწევს ძალა, რომ განახორციელოს აღნიშნული ობიექტების მართვა და ტურისტების მომსახურება დანიშნულებისამებრ".

როგორც წეილშია ნათქვამი, საპატრიარქო თავის მხრივ ობიექტებს შესაბამისი ვალდებულებებით, უსასყიდლო სარგებლობის უფლებით, 49 წლის ვადით, გადასცემს ალავერდის განვითარების ფონდ ტალავერს. “ამ ფონდს დიდი გამოცდილება აქვს მსგავსი ტურისტული თუ საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების წარმატებულად მართვაში”, – ნათქვამია წერილში.

ფონდი “ტალავერი” 2013 წელს შეიქმნა, ფონდი დაფუძნებიდან მართავს "მაწვნის სახლი ალავერდთან"–ს. მისი დამფუძნებლები არიან ბიზნესმენები და საქმიანი წრეების წარმომადგენლები: მალხაზ ბეგიაშვილი, ნუგზარ დვალი, დავით ნიკოლაიშვილი და ირაკლი მგალობლიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები