მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კრედოში", რომელიც მეხუთე უმსხვილესი ბანკია, იაპონურმა Gojo & Company-იმ 16% შეიძინა

Gojo & Company

იაპონურმა სოციალური გავლენის მქონე ჰოლდინგმა Gojo & Company, Inc.-მ კრედო ბანკის 16.8%-იანი წილი შეიძინა, რითაც სადებიუტო ინვესტიცია განახორციელა საქართველოში - ამის შესახებ ინფორმაციას თავად "კრედო ბანკი" აქვეყნებს.

"კრედო ბანკი" საქართველოს საბანკო სისტემაში რიგით მეხუთე უმსხვილესი ბანკია, რომლის აქტივებიც 2.87 მილიარდი ლარია. ბანკის მთლიანი საკრედიტო პორტფელი 2.4 მილიარდ ლარს შეადგენს.

"კრედო ბანკის" დამფუძნებლები და აქციონერები ევროპული საფინანსო ინსტიტუტები არიან - Access Credo GmbH გერმანიიდან, საინვესტიციო ფონდები, რომლებსაც მართავს Triodos Investment Management BV ნიდერლანდებიდან და განვითარების საფინანსო ინსტიტუტი - Proparco (Groupe Agence Française de Développement) საფრანგეთიდან.

Gojo & Company, Inc. ტოკიოში დაფუძნებული ჰოლდინგ კომპანიაა, რომელიც აერთიანებს ინკლუზიური ფინანსური სერვისების მომწოდებელ კომპანიებს და ოპერირებს აზიისა და აფრიკის 13 ქვეყანაში. კომპანია 2014 წელს დაარსდა მსოფლიოში ფინანსური ჩართულობის ამაღლების მიზნით. 2024 წლის მარტის მდგომარეობით, Gojo ჯგუფი 10 ათასზე მეტი თანამშრომლით ემსახურება 2.4 მილიონზე მეტ კლიენტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კრედო ბანკი სიდიდით მეხუთე კომერციული ბანკია საქართველოში. იგი ქვეყნის მასშტაბით, 94 სერვისცენტრით, 480,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით, ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებსა და მათ დასაქმებულებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

ბანკის ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2024 წლის 10 თვეში მისი მოგება 51,5 მილიონ ლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები