პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა 26 მაისს თბილისში გამართული „კრინიცას“ ეკონომიკური ფორუმი შეაჯამა და დააანონსა, რომ ფორუმი მომავალ წელს, შესაძლოა, ბაკურიანში ჩატარდეს. როგორც აბაშიშვილმა განმარტა, საქართველოს აქვს შესაძლებლობა ყოველი წლის თებერვალში ბიზნეს წარმომადგენლებს უმასპინძლოს, როგორც აზიიდან, ისე კავკასიიდან და ევროპიდან.
„წელს უკვე იყო ბიზნესებს შორის B2B შეხვედრები და ცხადია ველოდებით, რომ საქართველო იქნება მიზიდულობის ცენტრი, ადგილი სადაც შეხვდებიან აზიის და ევროპის ქვეყნების ბიზნეს წრეების წარმოამდგენლები და დაიგეგმება ბევრი ტიპის ბიზნეს პროექტები. სექტემბერში იქნება კრინიცას ეკონომიკური ფორუმი უკვე კრინიცაში, სადაც საქართველოს ექნება განსაკუთრებული ადგილი, იმიტომ რომ ერთადერთი პარტნიორები ვართ. უკვე მომდევნო წელს კი გვაქვს იდეა, რომ ეს ფორუმი ტარდებოდეს არა თბილისში, არამედ სამთო კურორტზე, განვიხილავთ ბაკურიანს, ვინაიდან კრინიცას კონცეფციაც იყო ეს, რომ რეგიონი განავითარებულიყო. სამწუხაროდ, წელს ამას ფიზიკურად ვერ შევძლებდით, მიუხედავად იმისა, რომ მთელი დელეგაცია იყო ბაკურიანში, დავათვალიერეთ შესაძლებლობები. ახლა გვაქვს დრო იმისთვის, რომ მომავალი წლის ფორუმი, ჩატარდეს ბაკურიანში.
წლევანდელი ფორუმის შეფასებაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი შედეგი შეიძლება 15%-ად შევაფასოთ. ცხადია, გვინდა გავიდეთ პოლონურ მასშტაბზე. მე 2012 წლიდან ყოველ წელს ვესწრები ამ ფორუმს და რაც იქ მე მაკლია, ჩვენ შეგვიძლია შევავსოთ. იქ არიან უფრო მეტი ბიზნესმენები აღმოსავლეთ ევროპიდან, ცოტა კავკასიიდან და თითქმის არ არიან ხოლმე აზიიდან. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს ხიდი შევქმნათ, ტარდებოდეს ჩვენთან აზიური ბიზნეს წრეების მონაწილეობით და გადადიოდეს სექტემბერში კრინიციაში უკვე ევროპელ ბიზნეს წრეებში”,- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
კრინიცას ეკონომიკური ფორუმი პირველად თბილისში 26 მაისს, სიმბოლურად საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეზე გაიხსნა.

























