საქართველოში ციფრული აქტივების ბაზარი სტაბილურად იზრდება. კრიპტო-სერვის კომპანიების შეფასებით, ბაზარი აქტიურია და ბევრ ადამიანს სურს ალტერნატიული ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენება.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში კრიპტოაქტივების ფლობა, ყიდვა და გაყიდვა ლეგალურია, ბაზრის მოთამაშეები ამბობენ, რომ კრიპტოაქტივების მომხმარებელთა რაოდენობა წლიდან წლამდე დაახლოებით 30-40%-ით იზრდება.
მათი მოლოდინია, რომ ბაზრის ზრდას კიდევ უფრო დააჩქარებს საფინანსო ინსტიტუტების, კერძოდ ბანკების შემოსვლა ამ ბიზნესში, რაც მათი შეფასებით, დადებითი მოვლენაა და კრიპტოაქტივების მიმართ საზოგადოებაში ნდობის გაღრმავებას უწყობს ხელს.
“თუნდაც წინა წელთან შედარებით ძალიან განსხვავებულია უკვე ბაზარი. ზრდა არის ძალიან დიდი და თქვენც ხედავთ, რომ საბანკო სექტორიც კი შემოვიდა ამ ბიზნესში. იმ პროდუქტს, რაც ერთი წლის წინ იყო ტაბუდადებული თემა, დიდი ფინანსური ინსტიტუტები თვითონ უკეთებენ პოპულარიზაციას ფართო აუდიტორიასთან, რაც ძალიან სასიხარულო და მისასალმებელია. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არის დაინტერესება მსგავსი პროდუქტების, ხალხს სურს მათი შეძენა, ხალხს სურს ასევე შეიძინოს კრიპტოაქტივი უსაფრთხო ლიცენზირებული პროვაიდერებისგან და ეს დამატებით უფრო სანდოობას ქმნის მსგავს პროდუქტებთან მიმართებით.
მომხმარებლების რაოდენობის კუთხით ბოლო პერიოდში საქართველოს ბაზარზე ზრდა დაახლოებითი 30-40%-ია . მე ველოდები, რომ წლის ჭრილში კიდევ უფრო მაღალი იქნება ეს მაჩვენებელი, რადგან ფინანსური სექტორი შემოვიდა უფრო აქტიურად ამ პროცესში და ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი იქნება ზრდა”,-აცხადებს bm.ge-სთან ნინი ფერტაია, WhiteBIT-ის ბიზნესგანვითარების დირექტორი.
პიქსელ აკადემიის ინფორმაციით, ბანკის კლიენტების გარდა საქართველოში კრიპტოაქტივებით დაინტერესებული დაახლოებით 185 ათასამდე ადგილობრივი მომხმარებელია. თუმცა ეს ციფრი არ ასახავს ყოველდღიურ აქტივობას. მათი შეფასებით, რეალურად, ბაზარზე ყოველდღიურად მხოლოდ 5,000-დან 7,000-მდე ადამიანი ოპერირებს, ხოლო „გათვითცნობიერებული“ მომხმარებლების რაოდენობა 60,000-ს არ აღემატება. ძირითადი სეგმენტი 25-დან 45 წლამდე ასაკის პირები არიან, რომლებიც კრიპტოვალუტას საინვესტიციო ინსტრუმენტად განიხილავენ.

























