კრიპტოინდუსტრიის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მოთამაშემ, კომპანია Tether-მა 2025 წლის მეოთხე კვარტალში სტრატეგიული ინვესტიცია განახორციელა და 27 ტონა ოქრო შეიძინა.
ამ დროისთვის კომპანიის მიერ შესყიდული ძვირფასი ლითონის ჯამური ღირებულება 4.5 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც რეკორდული მაჩვენებელია და Tether-ს ოქროს ერთ-ერთ უმსხვილეს კერძო ინვესტორად აქცევს პლანეტაზე.
შესყიდვის მიზეზს რაც შეეხება, სტაბილკოინ USDT-ის ემიტენტი ცდილობს, საკუთარი რეზერვები მაქსიმალურად დივერსიფიცირებული გახადოს და კრიპტოვალუტა საბაზრო რყევებისგან დაიცვას. გარკვეულწილად, ამ ქცევით Tether-ი გლობალური ცენტრალური ბანკების სტრატეგიას იმეორებს, რომლებიც თავიანთი ეროვნული ვალუტის დასაზღვევად სწორედ ოქროს ყიდულობენ.
ექსპერტების შეფასებით, ოქროს მარაგების ასეთი მასშტაბური ზრდა მიანიშნებს იმაზე, რომ კომპანია ცდილობს თავი დაიზღვიოს გლობალური ეკონომიკური რყევებისა და ინფლაციური პროცესებისგან. გარდა ამისა, ოქროს შესყიდვა ზრდის ინვესტორთა ნდობას ციფრული აქტივების უსაფრთხოების და USDT-ის სიმყარის მიმართ, რაც ნებისმიერი ვალუტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.



























