"ალ-ნასრის" ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ $7.5 მილიონის ინვესტიცია ჩადო ჯანმრთელობის ტექნოლოგიურ პლატფორმაში, რომელიც მის მრავალწლოვან სპონსორს Herbalife-ს ეკუთვნის. კომპანიამ ეს ინფორმაცია ოთხშაბათს, ფინანსური ანგარიშის პრეზენტაციისას გაასაჯაროვა, რის შემდეგაც, ბაზრის გახსნისთანავე, აქციების ფასი მკვეთრად გაიზარდა.
მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადმა ფეხბურთელმა $7.5 მილიონი გადაიხადა Herbalife-ის შვილობილი კომპანიის HBL Pro2col Software LLC-ის 10%-იან წილში. ეს არის პროგრამულ უზრუნველყოფაზე დაფუძნებული ჯანმრთელობისა და კვების ტექნოლოგია, რომელიც მომხმარებლების ჯანმრთელობისა და ცხოვრების სტილის მონაცემებს აგროვებს და მათზე დაყრდნობით პერსონალიზებულ კვებისა და ველნეს-გეგმებს ქმნის.
კომპანიამ 2025 წლის მთლიანი გაყიდვების 1%-იანი ზრდა დააფიქსირა 2024 წელთან შედარებით, ხოლო მეოთხე კვარტალში გაყიდვები 6.3%-ით გაიზარდა.
რონალდუ Herbalife-ის ანაზღაურებადი პარტნიორია 2013 წლიდან, თუმცა ეს არის მისი პირველი საჯაროდ დადასტურებული ინვესტიცია კომპანიაში. Herbalife-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში რონალდუმ ეს ნაბიჯი პარტნიორობის “ბუნებრივ განვითარებად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ Herbalife-თან თანამშრომლობა სწორედ ის არის, "რაც ამ ეტაპზე კარიერაში მოტივაციას აძლევს“.
ხუთშაბათ დილით Herbalife-ის აქციები 15%-ზე მეტით იყო გაზრდილი.
Herbalife-თან რონალდუს ურთიერთობა 2013 წლიდან იწყება, როდესაც ის გლობალურ ბრენდ-ამბასადორად და ოფიციალურ კვებით პარტნიორად დაინიშნა. მოგვიანებით კომპანიამ გამოუშვა ერთობლივი სპორტული სასმელი Herbalife24 CR7 Drive, რომელიც რონალდუს მონაწილეობით შეიქმნა და სპორტსმენებსა და ფიტნესის მოყვარულებზეა გათვლილი. ბოლო ათწლეულის განმავლობაში Herbalife რეგულარულად იყენებდა რონალდუს გლობალურ სარეკლამო კამპანიებში.




























