ლეგენდარულმა პორტუგალიელმა შემტევმა, კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთის სანაპიროსთან მდებარე იზოლირებულ კერძო კუნძულზე ორი უძრავი ქონება 7 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. “ალ-ნასრის” თავდამსხმელი ორი ვილის მფლობელი გახდა, რომელთაგან თითოეულის ღირებულება დაახლოებით 3.5 მილიონი გირვანქაა.
ვილები ექსკლუზიურ კურორტ ნუჯუმაზე მდებარეობს, რომელიც წითელი ზღვის შუაგულშია განთავსებული და იქ მოხვედრა მხოლოდ ჰიდროთვითმფრინავით ან ნავით არის შესაძლებელი. კუნძული რონალდუს ამჟამინდელი საცხოვრებლიდან დაახლოებით 1300 კმ-ს დაშორებით მდებარეობს. აღნიშნული ვილები დაპროექტებულია ცნობილი ბრიტანელი არქიტექტორის, ლორდ ნორმან ფოსტერის მიერ და წარმოადგენს ელიტური დასვენებისთვის შექმნილი რეზერვის ნაწილს.
ლოკაცია აღწერილია როგორც: „მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კერძო კუნძულის გარემო, რომელიც გამოირჩევა დიზაინის სრულყოფილებითა და გარემოს აღდგენაზე ორიენტირებული მიდგომით.“
კუნძულზე ჩასასვლელად ვიზიტორები ჯერ Red Sea International Airport-ში უნდა ჩაფრინდნენ, შემდეგ კი ნუჯუმამდე ჰიდროთვითმფრინავით ან ნავით გააგრძელონ გზა.




























