მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კრისტალ ჯგუფის" დამფუძნებელი ვლადიმერ სტეფანიანი დააკავეს

ვლადიმერ სტეფანიანი

“კრისტალ ჯგუფის” ხელმძღვანელი ვლადიმერ სტეფანიანი დააკავეს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

უწყების განცხადებით, სტეფანიანის დაკავება დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტს ეხება.

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მან დიდველზე ნებართვის გარეშე თვითნებურად ააშენა 5 სასტუმრო აპარტამენტი, მოაწყო კერძო სათხილამურო ტრასა.

მას 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციით ატარებენ ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოებს და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ საკურორტო ზონებში მიწის მისაკუთრების თუ უკანონო მშენებლობების საკითხს, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს.

გუშინ, 2025 წლის 7 ნოემბერს, ჩვენმა თანამშრომლებმა,დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, “კრისტალ ჯგუფის” ხელმძღვანელი პირი დააკავეს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ “კრისტალ ჯგუფის” კომერციული დასახელების ქვეშ გაერთიანებული შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის“ და შპს “ჰოტელს მენეჯმენტ გრუპის” დამფუძნებელმა პირმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიაზე, შესაბამისი ნებართვის გარეშე, თვითნებურად ააშენა ხუთი სასტუმრო-აპარტამენტი, მოაწყო კერძო საბაგირო, კერძო სათხილამურო ტრასა და ტობოგანი, რომლის გამოყენების შესაძლებლობაც ჰქონდა მხოლოდ კრისტალ ჯგუფის მომხმარებლებს. უნებართვოდ აშენებული სასტუმრო-აპარტამენტების რეალიზაციის შედეგად, უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა, რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეადგინა.

ამ ეტაპისათვის, გამოძიებით დადგენილია 1 894 925 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი.

საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება, “კრისტალ ჯგუფის” დანაშაულებრივი საქმიანობის შესწავლის და მათთან შესაძლო კავშირში მყოფი პირების, მათ შორის დანაშაულის ხელშემწყობი საჯარო მოხელეების დადგენის და მხილების მიზნით", - განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში.

დეველოპერული კომპანია “კრისტალ ჯგუფი” 2008 წლიდან ოპერირებს ბაკურიანში. კრისტალ ჯგუფმა საქმიანობა სასტუმრო ბიზნესით დაიწყო. განვითარების ახალ ეტაპზე კი კომპანიამ საფუძველი ჩაუყარა უძრავი ქონების მშენებლობასა და მართვას. ამჟამად, კრისტალი წარმოდგენილია კომპლექსურად: ყველაფერი ერთ სივრცეში და ჩამოყალიბდა ბრენდად, როგორც „კრისტალის საკურორტო ზონა“ ბაკურიანში.

"კრისტალ ჯგუფის" იგივე შპს ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის 100%-იანი წილის მფლობელი ვლადიმერ სტეფანიანია. სტეფანიანს 2021 წელს "ქართული ოცნებისთვის" 50 000 ლარი აქვს შეწირული, 2018 წელს - სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატისთვის - 60 000 ლარი. 2012 წელს კი "ნაცმოძრაობისთვის" 2500 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები