მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კრისტალი“ საქართველოს სატყეო რეფორმის ფარგლებში, ენერგოეფექტური ღუმელების შეძენას დააფინანსებს

კრისტალი ღუმელი ენერგოეფექტური
BM. GE
23.10.23 11:07
113

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული საწვავის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას აგრძელებს და მომხმარებლებს, ენერგოეფექტური ღუმელების შესაძენად, სპეციალურ განვადებას სთავაზობს. საკრედიტო პროდუქტი დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, ენერგოეფექტური ღუმელი სამომხმარებლო სესხით შეიძინონ, ვალდებულება კი თანაბარი შენატანებით დაფარონ.

პროდუქტი შეიქმნა საქართველოს სატყეო რეფორმის პროექტის, Eco Georgia-ს ფარგლებში, რომელშიც „კრისტალი“ 2021 წლიდან მონაწილეობს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) შესაბამისი ხელშეკრულებაც აქვს გაფორმებული. პროექტში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოფლის განვითარების სააგენტო, რომელმაც ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა შეიმუშავა. პროგრამის პირობების მიხედვით, პირებისთვის, რომლებიც ენერგოეფექტურ ღუმელს შეიძენენ, სააგენტო თანადაფინანსების თანხას გამოყოფს და ღუმელის ღირებულების 30%-ს (არაუმეტეს 300 ლარი) დაასუბსიდირებს. ერთ შინამეურნეობას ერთი ენერგოეფექტური ღუმელი დაუფინანსდება.

აღსანიშნავია, რომ „კრისტალი“ თანამშრომლობს ენერგოეფექტური ღუმელების იმ 6 მწარმოებელთან, რომლებიც სოფლის განვითარების სააგენტოს ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობენ შესაბამისად, მომხმარებლები პროდუქტისა და განვადების პირობების შესახებ ინფორმაციას მწარმოებლებთანვე იღებენ. ამასთან, მათ განვადებით სარგებლობისთვის განაცხადის შევსება და დამტკიცება ადგილზევე შეუძლიათ.

„კრისტალის“ სპეციალური პროდუქტი პროგრამას დაეხმარება, მოსახლეობაში ენერგოეფექტურ ღუმელებზე მოთხოვნა გაზარდოს და შედეგად, ხელი შეეწყოს ისეთი ამოცანების გადაჭრას, როგორებიცაა სოფლად გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და კლიმატის ცვლილებების შერბილების ღონისძიებების მხარდაჭერა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის. 7 წლის განმავლობაში კომპანია პროექტის ფარგლებში ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული საწვავის ბაზრის მხარდასაჭერად 10 500 000 ევროს გამოყოფს. პროგრამა თვითმმართველი ქალაქების გარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება.

„კრისტალის“ ჩართულობა პროექტ Eco Georgia-ში საქართველოს სატყეო რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტის, ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული საწვავის ბაზრის განვითარებას გულისხმობს. კომპონენტი მიზნად ისახავს ენერგო ეფექტური ღუმელების და ალტერნატიული საწვავის ბაზრის სტიმულირებასა და განვითარებას - ენერგო ეფექტურ მოწყობილობებზე და ალტერნატიულ საწვავზე წვდომის ხელშეწყობას 30,370 შინამეურნეობისთვის.

პროექტი მწვანე კლიმატის ფონდის (GCF), გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ), საქართველოს მთავრობისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით ხორციელდება. მთლიანობაში მწვანე კლიმატის ფონდის“ პროექტი ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მასში შემავალი უწყებების: სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტო, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტო, ასევე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები