მიკრობანკ „კრისტალის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, წელს რიგით მეოთხე ობლიგაციის გამოშვებას გეგმავენ, რომლის მოცულობაც 30 მლნ ლარი იქნება. ამის შესახებ მან BMG-სთან ისაუბრა.
ილია რევიას თქმით, კომპანიებისთვის ობლიგაციების გამოშვება, ალტერნატიული დაფინანსების წყაროსთან ერთად, ორგანიზაციული ზრდის მიმართულებითაა მნიშვნელოვანი.
„ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა კაპიტალის ბაზრის გამოყენება, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფინანსების წყაროსი, ასევე საფინანსო სექტორშიც. ჩვენ, უშუალოდ მიკრობანკმა, სამი ობლიგაცია საჯაროდ გამოვუშვით უკვე ამ პერიოდის განმავლობაში და წელს ვგეგმავთ მეოთხე ობლიგაციას. ძირითადად, ყოველთვის ლარში ვაკეთებთ ამ ობლიგაციებს, იმიტომ რომ ხელსაყრელი ფასებია. ამ ეტაპზე ₾30-მილიონიან ობლიგაციას გამოვუშვებთ, რომელსაც შემდეგ ₾90 მილიონამდე გაზრდის პოტენციალი აქვს.
რაც შეეხება უშუალოდ ინვესტორებს, ესენი არიან როგორც კომერციული ბანკები, აგრეთვე სხვა ტიპის ორგანიზაციებიც, მაგალითად სადაზღვევო. როგორც ვიცი, უცხოელებისგან ძირითადი მოთხოვნა არის, მართალია, დოლარის ობლიგაციებზე, თუმცა ლარის ობლიგაციებზეც გაძლიერებული ინტერესი შეინიშნება.
კაპიტალის ბაზარზე გასვლა ეს არის უშუალოდ ორგანიზაციული ზრდა, იმიტომ რომ ობლიგაცია და საჯაროდ მისი გამოშვება გარკვეულ გამჭვირვალობის და პასუხისმგებლობის სტანდარტებს მოითხოვს, რომლებიც მაქსიმალურად უნდა დაიცვა“, - განაცხადა ილია რევიამ.
ცნობისთვის, 2025 წლის ბოლოს კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საჯარო და კერძო განთავსებების ჯამურმა მოცულობამ 2.9 მილიარდ ლარს მიაღწია, საიდანაც 1.5 მლრდ ლარი ახალი ემისიები იყო.




























