მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრისტალის სტრატეგია  თანასწორი, სამართლიანი და ინკლუზიური ეკონომიკის შესაქმნელად

კრისტალის სტრატეგია  თანასწორი, სამართლიანი და ინკლუზიური ეკონომიკის შესაქმნელად
22.07.24 11:45
432

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი განვითარების პლატფორმაა მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის. კომპანიამ საქართველოში საქმიანობა 20 წლის წინ დაიწყო. დღეს ის 100,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება და მთელი საქართველოს მასშტაბით 50-ზე მეტ ფილიალს ფლობს. კრისტალს დასაქმებული ჰყავს 1000-ზე მეტი ადამიანი.

კომპანიის მდგრადობის ხედვასა და პრიორიტეტებზე ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალის გარემოსდაცვითი და კორპორაციული მდგრადობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გაეროს გლობალური შეთანხმების მდგრადი განვითარების მიზნების პიონერი 2019, მაია ქობალია საუბრობს.

სოციალური და გარემოსდაცვითი კრიტერიუმების გათვალისწინებით შემუშავებულ რა ფინანსურ პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს მომხმარებლებს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი?

გარემოსდაცვითი მიმართულებით „მწვანე მიზნების“ დაფინანსების მრავალფეროვანი ასორტიმენტი გვაქვს - ენერგოეფექტური ღუმელებით დაწყებული, ჰიბრიდული მანქანებით დასრულებული (ენერგოეფექტური სამშენებლო მასალები, ტექნიკა - რომელსაც მწვანე პორტფელის 70%- უჭირავს), თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ამ პროდუქტების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა, რაც ჩვენი კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ერთ-ერთ ამოსავალ წერტილს წარმოადგენს. მწვანე პროდუქტებთან ერთად, მომხმარებლებს მუდმივად ვთავაზობთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეიძლება მათი სახლისა თუ ბიზნეს საქმიანობისთვის გარემოსდაცვითი კუთხით ან ფინანსური თვალსაზრისით მოგებიანი იყოს ენერგოეფექტური პროდუქტების გამოყენება.

2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით გვაქვს:

  • მწვანე პორტფელი: 16.4 მილიონი ლარი
  • აცილებული CO2: 2.6 მილიონ ტონაზე მეტი
  • დაზოგილი ელექტროენერგია: 18 მილიონ კილოვატ-საათი

რაც შეეხება USAID-თან და ფონდ კრისტალთან ერთად განხორციელებულ კრისტალის flagship სოციალურ პროგრამას - USAID YES-Georgia-ს (“ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“), 2016 წლიდან 2023 წლის ჩათვლით ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის კომპონენტის ფარგლებში 654 572 ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ ახალგაზრდულ სტარტაპებში; პროგრამის მეორე და მესამე კომპონენტების - Buzz/ბაზ საქართველოსა და კრისტალ კონსალტინგის ფარგლებში კი, 2020 წლიდან მოყოლებული, 4,000 ქართველ მეწარმე ქალს (მთელი საქართველოს მასშტაბით) მიეცა სამოტივაციო-პიროვნული განვითარებისა და ფინანსური ცნობიერების ამაღლების შესაძლებლობა (მრავალფეროვანი ტრენინგებითა და მათ ქალაქებსა და სოფლებში Buzz Georgia-ს ვიზიტებით, networking-საგანმანათლებლო შეხვედრებით, ცოდნისა და გამოცდილებების გაზიარებით), ასევე მცირე საგრანტო პროექტებზე წვდომისა და კრისტალ კონსალტინგის ბიზნეს მენტორობის მიღების შესაძლებლობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წლის თებერვალში გამოშვებული კრისტალის გენდერული ობლიგაციები სოციალურ ხასიათის ატარებდა და მის მიზანს ქალი მეწარმეების გაძლიერების ხელშეწყობა წარმოადგენდა. ობლიგაციები მიმართული იყო ქალების მიერ დაფუძნებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების დაფინანსებისა და მათი ეკონომიკური გაძლიერებისკენ.

გენდერული ობლიგაციები ახსენეთ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, კრისტალმა მეწარმე ქალების მხარდაჭერის მიზნით, 25 მილიონი ლარის გენდერული ობლიგაცია გამოუშვა. მოგვიყევით ამ ობლიგაციის მნიშვნელობის შესახებ, რა როლი ექნება მას ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით?

დიახ, 2023 წლის თებერვალში, კრისტალმა აზიის განვითარების ბანკთან (ADB) ერთად გამოუშვა 25 მილიონის ლარის მოცულობის კორპორაციული ობლიგაციები როგორც პირველი სერტიფიცირებული გენდერული ობლიგაციები ქვეყანასა და რეგიონში. როგორც კრისტალი, ასევე ობლიგაციების სოციალური ჩარჩო შეაფასა დამოუკიდებელმა ევროპულმა სარეიტინგო სააგენტო SCOPE-მა, რომელმაც უმაღლესი შეფასება გააკეთა:

ამ შეფასებამ შესაძლებლობა მოგვცა მეტად დაგვეინტერესებინა სოციალური გავლენის ინვესტორები და შესაბამისი პასუხისმგებლობით დატვირთული ფინანსური რესურსი მოგვეზიდა. ტრანზაქციის სოციალურ მიზანს წარმოადგენს მეწარმე ქალებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, მათი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების დაფინანსება, საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა.

ობლიგაციების ემისია კრისტალმა Galt & Taggart-ის მხარდაჭერითა და ორგანიზებით, აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს ბანკთან ერთად განახორციელა.

რა გამოწვევებთან იყო დაკავშირებული გენდერული ობლიგაციების გამოშვების პროცესი? საჭიროებს თუ არა საქართველოში მდგრადი ობლიგაციების გამოშვების პროცესი გამარტივება/გაუმჯობესებას?

ბოლო წლებში ქართული კაპიტალის ბაზარი გააქტიურდა, რასაც ხელი შეუწყო ადგილობრივი კანონმდებლობის დახვეწამ და შესაბამისი ემიტენტების გამოჩენამ. განსაკუთრებით კი კოვიდის შემდეგი პერიოდი იყო აქტიური, როცა ბაზარზე მნიშვნელოვანი დანაზოგები გაჩნდა. შექმნილი კაპიტალის დაბანდებამ კაპიტალის ბაზარზე ახალი გამოცდილება შექმნა და როგორც მოსახლეობაში, ასევე კომპანიებში ნდობა გააჩინა. ასევე, აღსანიშნავია რამდენიმე საბროკერო კომპანიის აქტიურობა. მათი მაღალი კვალიფიკაცია იძლევა საშუალებას ობლიგაციების გამოშვების პროცესი მარტივი და გასაგები იყოს როგორც ემიტენტებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის.

რაც შეეხება გენდერული/მდგრადი ობლიგაციების გამოშვებას, პროცესი უფრო კომპლექსურია, რადგან მას თან ახლავს დამატებითი ვალდებულებები, რისი შესრულებაც ემიტენტს ეკისრება. სამუშაო პროცესში ყალიბდება სოციალური ჩარჩო, რაც შესათანხმებელია როგორც ინვესტორთან, ასევე ემიტენტთან. მოთხოვნები კი იმგვარად უნდა ჩამოყალიბდეს, რომ შესაბამისი იყოს ემიტენტის capacity-სთან.

ობლიგაციები ზოგადი მიზნების იქნება თუ სოციალური, განსხვავებული ვადები და რესურსებია საჭირო. თავად გამოშვების პროცესი სტანდარტულია და მიჰყვება ადგილობრივ კანონმდებლობას, თუმცა დამატებითი რესურსი სჭირდება სწორედ იმ პროცესს, რაც ზემოთ აღვწერეთ.

ვფიქრობთ, ბაზრის მოთამაშეებს სჭირდებათ დამატებითი შეღავათები მდგრადი ობლიგაციების გამოშვებისას, ეს შეიძლება იყოს:

  • ემისიის ხარჯების დაფინანსება (ძირითადად ბროკერის ხარჯი);
  • საგრანტო პროექტი (ტექნიკური დახმარება), რაც დააფინანსებს ემიტენტის capacity-ს გაზრდას, რათა უფრო ეფექტიანად მიაღწიოს სოციალურ მიზნებს;
  • მარეგულირებლის მხრიდან დამატებითი შეღავათები, რაც გაამარტივებს ემისიის პროცესს.

საქართველოს რეგიონებში თქვენს საქმიანობაზე მოგვიყევით. რამდენად მხარს უჭრთ რეგიონებში კერძო სექტორს?

კრისტალის 25-წლიანი ისტორია რეგიონებში მცხოვრები მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობისა და მათთან თანამშრომლობის ერთი დიდი ისტორიაა. 2023 წლის მე-3 კვარტლის მონაცემების მიხედვით, 114,075 მომხმარებელი გვყავს, რომელთა 59,2% ქალი, ხოლო - 40,7% კაცია. თითოეული მათგანით ძალიან ვამაყობთ, განსაკუთრებით კი გეოგრაფიული მრავალფეროვნებით (46,8% - რეგიონი, 53,2% - ქალაქი). ასევე იმითაც, რომ კრისტალი საქართველოში ოპერირებს 50-მდე ფილიალით, რომელთა უმეტესობა მდებარეობს რეგიონებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ძირითადი მომხმარებლები რეგიონებში მცხოვრები მეწარეები არიან. მათ კი - ქვეყნის ძირითადი დოვლათის შემქმნელ მცირე და საშუალო ყოჩაღ მეწარმეებს - ყველაზე მეტად ჭირდებათ განვითარება, ფინანსებზე და ცოდნაზე წვდომა.

2023 წელს კრისტალის პორტფელმა 450 მილიონ ლარს გადააჭარბა, რომლის 85%-ზე მეტი მოხმარდა რეგიონებში მცხოვრები მცირე და საშუალო მეწარმეების საქმიანობის დაფინანსებას.

კრისტალი რეგიონებში აფინანსებს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს, რა არის მისი სტრატეგია ამ მიმართულებით და რამდენად უწყობს ხელს მსგავსი სესხების გაცემა თანასწორი, სამართლიანი და ინკლუზიური ეკონომიკის შექმნას?

მოგეხსენებათ, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა სწორედ მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებზე დგას. მათი წვლილი ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანია, რადგან ქმნიან სამუშაო ადგილებს, იხდიან გადასახადებს და წვდომა აქვთ რეგიონებზე, რაც მნიშვნელოვანია თავად რეგიონებში ეკონომიკური აქტიურობისთვის.

საქართველოში სამეწარმეო კულტურა ეტაპობრივად ვითარდება, რაშიც მნიშვნელოვან როლს ფინანსური ინსტიტუტები თამაშობენ. კრისტალი ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა რეგიონებზე წვდომის კუთხით (წინა შეკითხვის პასუხში მოყვანილ მონაცემებზე დაყრდნობით), შესაბამისი პროექტებითა და მიზნებით, რაც სწორედ სამართლიანი და ინკლუზიური ეკონომიკის შექმნას ემსახურება.

2023 წლის ბოლოს კრისტალმა განაცხადი შეიტანა მიკრო ბანკის ლიცენზიის მისაღებად, რაც, ჩვენი აზრით, ამავდროულად ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის მეტ ფულად რესურსებზე ხელმისაწვდომობას.

რა უპირატესობების მომტანი იქნება მდგრადი პრაქტიკების დანერგვა უშუალოდ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის?

მდგრადი პრაქტიკების დანერგვით, კომპანიის პორტფელი იმგვარად ვითარდება, რომ შესაბამისი ინვესტორების დაინტერესებისა და ინვესტიციების მოზიდვის მეტი შესაძლებლობა ჩნდება. ამგვარი პრაქტიკა ბიძგს აძლევს შესაბამისი ხასიათის ინვესტიციებსაც ქვეყანაში, რასაც თან სდევს საგრანტო/საგანმანათლებლო პროგრამები, რაც სასარგებლოა როგორც თავად კომპანიის განვითარებისთვის, ასევე მომხმარებლების მხარდაჭერის ნაწილშიც.

რა როლი აკისრია ფინანსურ ინსტიტუტებს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარების პროცესში?

საქართველოში კაპიტალის ბაზარს რომ გადავხედოთ, ვნახავთ, რომ ფინანსურ ინსტიტუტებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ მის განვითარებაში. ერთი მხრივ, როგორც ინვესტორები, ისინი ფლობენ მნიშვნელოვან კაპიტალს, რისი ინვესტირებაც ხდება გამოშვებულ ობლიგაციებში; გარდა ამისა, როგორც ემიტენტებმა, მათ შექმნეს ემისიების გამოცდილება. ეს კი მაგალითი გახდა სხვა ფინანსური თუ არაფინანსური კომპანიებისთვის, რომ მათაც ეფიქრათ დამატებითი დაფინანსების მოპოვების არხებზე.

ფინანსური ინსტიტუტები ასევე ხელს უწყობენ ინვესტირებთან დაკავშირებული რისკების დივერსიფიკაციასა და მართვას, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ფინანსური ინსტიტუტები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ბაზრის ლიკვიდურობასა და ეფექტიანობაზე - კაპიტალის ბაზარზე აქტიური მონაწილეობით.

გაეროს გლობალური შეთანხმება საქართველოს ქსელის საქმიანობაზე დაყრდნობით, ჩვენ ვიცით ისიც, რომ ფინანსური ინსტიტუტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კარგი კორპორაციული მართვის პრაქტიკის პოპულარიზაციაში.

გარდა ამისა, საქართველოში ფინანსური ინსტიტუტები იცავენ მარეგულირებელ სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს კაპიტალის ბაზრის მთლიანობასა და სტაბილურობას.

დაბოლოს, ფინანსური ინსტიტუტები განუყოფელი ნაწილია კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის როგორც საჭირო ფინანსური ინფრასტრუქტურის, ასევე შუამავალი სერვისებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების უზრუნველყოფის კუთხითაც.

რა აქტივობებს ახორციელებს კრისტალი საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და მდგრადი დაფინანსების შესახებ ცნობიერების გაზრდის მიზნით?

კრისტალმა განვითარების საინტერესო 25 წელი გაიარა და ქვეყანასთან ერთად იზრდება, ვითარდება და მუდმივად სწავლობს ამ ხნის განმავლობაში. 2013 წელს, როდესაც მე კრისტალში პირველად შევდგი ფეხი, „მდგრადი დაფინანსება“- დღეს ასე პოპულარული და მნიშვნელოვანი ტერმინი და მოვლენა- მაშინ არც არსებობდა და, ალბათ, ძალიან ცოტა ადამიანს თუ ესმოდა მისი არსი მსოფლიო ფინანსურ სექტორში; ჩვენ მაშინ ვიცოდით, რომ, უბრალოდ, ფინანსურ საქმიანობასთან ერთად, ადგილობრივი თემებისა (local communities) და ადგილობრივი საწარმოების წინაშე გვქონდა დიდი პასუხისმგებლობა და ვეხმარებოდით მათ რითიც და როგორც შეგვეძლო. მერე დავარქვით ამ ყველაფერს თავისი სახელი. მაშინ, უბრალოდ, სიკეთის გაკეთება გვინდოდა და ადგილობრივ დონეზე ჩვენი მცირედი წვლილის შეტანა. მერე დრომ და განვითარებამ მოიტანა, რომ ჩვენი ეს არაფინანსური პრიორიტეტები კომპანიის სტრატეგიასა და პოლიტიკებშიც ავსახეთ და სისტემური ფორმა მივეცით.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ სწორედ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოსნაირი ორგანიზაციების მუდმივმა საუბარმა ამ თემაზე, სახელმწიფო, არასამთავრობო და მედიისა და საფინანსო სექტორის მოწიფულობამაც მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს ამაზე ვსაუბრობთ და ვწერთ. განვლილ ბოლო 10 წელიწადზე ჩემი დაკვირვებით, ეს მნიშვნელოვანი პროგრესია.

დავამატებდი იმასაც, რომ ჩვენი უახლესი სოციალური გავლენის კვლევის (Social Impact Measurement) მონაცემებით მიხედვით, რომელიც საერთაშორისო კვლევით ორგანიზაცია „60_დეციბელთან“ (60_decibels) თანამშრომლობით ჩავატარეთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება ასეთია: 2022-2023 წლებში კრისტალის მომხმარებლების 86 %-მა გაიუმჯობესა ცხოვრების ხარისხი; 61%-მა დიდ ხარჯებთან გამკლავების შესაძლებლობა გაზარდა; 31%-ს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა გაუუმჯობესდა; ბიზნეს მომხმარებლების 70%-ს კი მოგება გაეზარდა.

როდესაც საზოგადოების ეკონომიკურ განვითარებასა და მდგრად დაფინანსებაზე ვსაუბრობთ, ალბათ, მნიშვნელოვანია ისიც ვახსენოთ, რომ 2022 წელს კრისტალის მომხმარებლებს შორის 10 514 იძულებით გადაადგილებული პირი იყო. როგორც იცით, კრისტალი აქტიურად მუშაობს ასევე UNHCR-ის თბილისის ოფისთან ერთად - საქართველოში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებთანაც. (ინფოგრაფიკა მომზადებულია ‘’ფორსეტის“ მიერ)

სოციალური გავლენის კვლევის/ანგარიშის სრული ინგლისურენოვავნი ლინკი, თქვენი ჟურნალის ელ-მკითხველებისთვის განთავსებულია კრისტალის უცხოელი ინვესტორებისა და პარტნიორებისთვის მომზადებულ ინგლისურენოვან საიტზე: ir.crystal.ge და აქვეა იმავე კვლევის ქართული ლინკიც.

სამომავლო გეგმების შესახებაც მოგვიყევით. რას გეგმავს კრისტალი ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მიზნით?

ალბათ კარგი იქნება თქვენს ახალ მკითხველს ჯერ განვუმარტოთ რას გულისხმობს ცირკულარული ეკონომიკა. ის გულისხმობს პროდუქციის წარმოებისა და მოხმარების ახლებურ, თანამედროვე ხედვას, რომლის მიზანიცაა ნარჩენების მინიმიზაცია და რესურსების მაქსიმალურად გამოყენება.

მართალია, კრისტალი არ აწარმოებს პროდუქციას, მაგრამ მას თავისი როლი შეაქვს ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარებაში, როცა აფინანსებს ენერგოეფექტურ პროექტებს, რაც გარემოსდაცვითი მიმართულებით ქმნის დამატებითი საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ 2017-2018 წლებიდან კრისტალში „მწვანე პორტფელიც“ შეიქმნა, რასაც კონკრეტული სოციალური მიზნები და ამოცანები აქვს (და რომლის ძირითადი მაჩვენებლებიც პირველ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას გამოვიყენეთ).

ჩვენი სამომავლო გეგმების პრიორიტეულ მიმართულებებად კი კვლავ რჩება ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე ზრუნვა, გარემოსდაცვითი მიმართულებები, ასევე ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობის გაგრძელება, როგორც კრისტალის 1,000+ თანამშრომლისთვის, ასევე მისი ასიათასობით მომხმარებლისთვის - მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამით გავაგრძელებთ ქვეყნის მდგრად განვითარებაში ჩვენი მცირედი, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.

სტატია მომზადებულია გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ, ჟურნალისთვის SUSTAINABILITY SPOTLIGHT

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები