„საერთაშორისო სავალუტო ფონდი ბანკომატი არაა“, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა თბილისში, ქართველ სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
ერთი-ერთი სტუდენტის კითხვას, რომელიც სავალუტო ფონდის მიმართ ამერიკელი ეკონომისტის ჯოზეფ სტიგლიცის კრიტიკას შეეხებოდა, კრიტინ ლაგარდმა ასე უპასუხა:
“გლობალიზაცია და მისი თანმდევი უკმაყოფილება” - სტიგლიცი ამ წიგნში აკრიტიკებდა სავალუტო ფონდს, თუმცა სახელმძღვანელოს გამოსვლის დღიდან სამყარო შეიცვალა. ამ საკითხზე ბევრს ვხუმრობ, არა მგონია, მას დღეს იგივე სახელმძღვანელო დაეწერა, იგივე თეზისებით. ჩვენ ყოველდღიურად ვსწავლობთ და ექსკლუზიური აქცენტი ფისკალურ მიმართულებაზე არ გვაქვს“, - აცხადებს ლაგარდი.
მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხედვის სპექტრი მხოლოდ რიცხვები არაა, ისევე როგორც - ფისკალური და ფულად-საკრედიტო პოლიტიკა.
ლაგარდი ირწმუნება, რომ IMF-ის მიერ განსაკუთრებული აქცენტი დღეს სოციალურ მიმართულებაზე კეთდება.
“ხანდახან შეიძლება ყველაფერი ისე დალაგებული არა, მაგრამ მცდელობას არ ვაკლებთ, სხვაგვარად არ გამოვა. ჩვენ გვაქვს ყველა უნარი იმისთვის, რომ ქვეყნებს გაუჩნდეს ჩვენი დახმარების სურვილი და არ აგვიქნიონ ხელი. ახალი კლიენტის გაჩენა მარტივია, მისი შენარჩუნებაა რთული... საერათაშორისო სავალუტო ფონდი ბანკომატი არა... ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ იმისთვის, რომ ქვეყანას, რომელსაც ჩვენი ფინანსური რესურსი სჭირდება, გააძლიეროს და დახვეწოს თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა. ჩვენ გვიყურებს საერთაშორისო საზოგადოება, როდესაც ჩვენ ფინანსურ რესურს ვაწვდით ქვეყანას. ამაზე პასუხს ვაგებთ საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, ჩვენ აღმასრულბელი საბჭოს წინაშე და კონკრეტულ ქვეყანაზე ვართ მორგებულები”, - განაცხადა ლაგარდმა.

























