გამოცემა The Information-ის ცნობით, კომპანია Meta კამერის გარეშე ჭკვიან სათვალეზე მუშაობს და ახალი მოდელის გაყიდვების დაწყებას მიმდინარე წლის ოქტომბერში გეგმავს. გამოცემის თანახმად, შესაძლოა, Meta-მ ახალი მოდელი, კოდური სახელწოდებით "Luna", 23-24 სექტემბერს დაგეგმილ დეველოპერთა ყოველწლიურ კონფერენციაზე - Connect-ზე წარადგინოს.
ახალ მოდელს კამერა არ ექნება, თუმცა იგი აღჭურვილი იქნება ექვსი ჩაშენებული მიკროფონითა და მომხმარებლის ყურებისკენ მიმართული დინამიკებით, რაც მომხმარებელს Meta-ს ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტთან კომუნიკაციის საშუალებას მისცემს.
ეს კვლავ ჭკვიანი სათვალეა, თუმცა იმ კომპონენტის გარეშე, რის გამოც კრიტიკოსები არსებულ მოდელებს "მანიაკთა სათვალეს" უწოდებენ. "Luna"-ს გვერდზე ექნება ღილაკი, რომელზე დაჭერითაც მომხმარებელს Meta AI-ის სწრაფად გააქტიურება შეეძლება, ხოლო ჩარჩოს უფრო თხელი სახელურების დამსახურებით, იგი ჩვეულებრივ სათვალეს დაემსგავსება.
მიუხედავად იმისა, რომ Meta-ს სათვალეები კარგად იყიდება, კომპანია მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა იმ საფრთხეების გამო, რომ მოწყობილობა შესაძლოა ფარული თვალთვალისთვის, ადამიანების უნებართვო გადაღებისა და შევიწროებისთვის იქნეს გამოყენებული.
სათვალეებს აქვს დამცავი ფუნქცია: LED ნათურა, რომელიც ვიდეოს ჩაწერისას უწყვეტად ციმციმებს. თუმცა, მანამ სანამ კომპანია პროგრამულ განახლებას გამოუშვებდა, შესაძლებელი იყო ამ ინდიკატორის დაზიანება ისე, რომ კამერას ფარულად ჩაეწერა.
აგვისტოში Meta-მ კიდევ ერთი ხარვეზი გამოასწორა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა, ჩაწერის დაწყების შემდეგ LED ნათურა დაეფარათ და სხვები ისე გადაეღოთ.
ამ ცვლილებების მიუხედავად, Meta-ს სათვალეებმა უკვე დაიმკვიდრა უარყოფითი რეპუტაცია, რაც ბევრ პოტენციურ მყიდველს აფერხებს. როგორც იუწყებიან, კომპანიას იმედი აქვს, რომ "Luna" პროდუქტის შეძენას იმ მომხმარებლებს გადააწყვეტინებს, რომლებიც აქამდე კამერის გამო ყოყმანობდნენ.






















