სამშენებლო კომპანია „ანაგის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გოგოლიშვილი ფიქრობს, რომ ხარისხიანი ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებისთვის ფასწარმოქმნის ახალი სისტემა უნდა არსებობდეს. როგორც მან გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ ინტერვიუში განაცხადა, პროექტების ვადების დაცვით განხორციელებისთვის ასევე უმნიშვნელოვანეს საკითხს კონტრაქტიდან გამოსვლის პირობების მოქნილობა წარმოადგენს, რაც დღეს არ არსებობს.
„რატომ ვერ აშენდა დათქმულ ვადებში ესა თუ ის ბაღი ან სკოლა, მსგავსს კონკრეტიკაზე საუბარი რთულია, თუმცა 5 წლის წინ გაფორმებული კონტრაქტი ახლა რომ გაჩერებულია, ამის ახსნა ალბათ არის მისი ღირებულება. ერთეულის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა და არ არსებობს მოქნილი მექანიზმი, რომელიც ამ კონტრაქტის ღირებულებას სახელმწიფოსთან შეცვლიდა.
რაც შეეხება ხარისხს, ეს დაკავშირებულია ფასწარმოქმნასთან. რამდენადაც ითვალისწინებს პროექტი გამოსაყენებელი მასალების ზუსტ სპეფიციკაციას, იმდენად ვიღებთ ზუსტ გადაწყვეტილებას და ჩაფიქრებულ ხარისხს, შესაბამისად ვადაც და ხარისხიც პროპორციულად კვეთს ფასწარმოქმნის საკითხს.
იმედი გვაქვს, რომ ისევე როგორც „თეთრ სიაზე“ მივიღეთ საკითხის გადაწყვეტის პოზიტიური მესიჯები, ასევე იქნება ფასწარმოქმნის მიმართულებით. ეს საკითხი კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
კონტრაქტით შეუძლებელია ერთი აუდიტის შემდეგ შეწყვიტოს სახელმწიფომ ხელშეკრულება, გარკვეული ავანსები არსებობს, ბევრი დეტალია. ამ კონტრაქტს არ აქვს შესაძლებლობა, რომ ოპერატიულად ჩანაცვლდეს. ისევე როგორც მშენებელს არ აქვს უფლება ოპერატიულად გამოვიდეს ამ ვალდებულებიდან. ამ ნაწილში ვფიქრობთ, გარკვეული მოქნილობა უნდა გაჩნდეს.“ - განაცხადა გოგოლიშვილმა.
ინფორმაციისთვის, "ოცნების" მთავრობაში ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა, რომ სამინისტროში მონიტორინგის შედეგად რიგი პრობლემები გამოიკვეთა. პარლამენტში ინტერპელაციით მოსმენის ფარგლებში, მან თქვა, რომ საუბარია 214-დან 161 პრობლემურ პროექტზე, რომელთა ღირებულება 1 მლრდ ლარს აღემატება.
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რეორგანიზაციისა და სისტემის მოდერნიზების პროცესის დაწყებაც დააანონსა და აღნიშნა, რომ ქვეყანა მომავალი წლის ბოლოსთვის სრულად გადავა ევროპულ სამშენებლო სტანდარტებზე, რაც სამშენებლო სექტორში ხარისხის და ეფექტიანობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
ცვლილებების ფარგლებში მთავრობამ უკვე მიიღო დადგენილებაც, რომლის თანახმადაც, ე.წ. თეთრ სიაში მყოფ ტენდერებში მონაწილე კომპანიებს 2026 წლიდან სახელმწიფო კონტრაქტის ავანსის 60%-ის საბანკო გარანტიის წარდგენა მოუწევთ, ნაცვლად დღეს არსებული 50%-ისა. 2027 წელს ეს მოცულობა 70% იქნება, ხოლო 2028 წელს 80%.




























