საქართველოში არჩევნები ჩატარდა პოლარიზებულ და შემზღუდველ გარემოში, რაც ძირს უთხრის ინკლუზიურობას, გამჭვირვალობას, სამართლიანობას და რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა საარჩევნო პროცესის დემოკრატიული მთლიანობა. ამის შესახებ „არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპული ქსელის“ (ENEMO) საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ შეფასებაშია აღნიშნული.
ENEMO-ს 29-გვერდიან ანგარიშში ნათქვამია, რომ კრიტიკული დარღვევები მოიცავდა ოპოზიციის წევრებზე ძალადობას, ამომრჩეველთა დაშინებას, ცილისწამების კამპანიებს დამკვირვებლების მიმართ და ადმინისტრაციული რესურსების ფართო ბოროტად გამოყენებას.
"კამპანიის რეგულაციების შეზღუდულმა განხორციელებამ შეზღუდა კონკურენცია, მნიშვნელოვანი ზეწოლა მოახდინა სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე და შეამცირა ადგილი მთავრობის კრიტიკისთვის“,- წერია ანგარიშში.
მისია მიუთითებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ პროცესი ძირითადად პროფესიონალურად წარმართა, თუმცა შეშფოთებას გამოთქვამს ცესკო-ს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე.
"მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ პროცესი ზოგადად პროფესიონალურად და ეფექტურად წარმართა, ENEMO-მ გამოთქვა შეშფოთება ცესკო-ს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით",- ნათქვამია დასკვნებში და ხაზგასმულია, რომ აღნიშნული საკითხების ერთობლივმა ზემოქმედებამ მნიშვნელოვნად შეარყია საარჩევნო პროცესის დემოკრატიული მთლიანობა.
ცნობისთვის, დღეს არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპული ქსელი (ENEMO) არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში (IEOM) პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ENEMO-ს ხელმძღვანელმა ზლატკო ვუიოვიჩმა და წევრებმა საზოგადოებას წინასწარი შეფასებები გააცნეს.