მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიტიკული შეუსაბამობებისთვის III კვარტალში საწარმოო პროცესი 170 ბიზნესოპერატორს შეუჩერდა - სეს

სეს

2024 წლის მესამე კვარტალში, კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი 170 ბიზნესოპერატორს შეუჩერდა, რაც დარღვევის საერთო მაჩვენებლის 2,9%-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტომ მესამე კვარტალში 8 000-მდე ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება და ზედამხედველობა განახორციელა. შემოწმდა სასურსათო მაღაზიები და მარკეტები, აგრარული ბაზრები, სასაკლაოები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკები და ა.შ.

"სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 5854 ინსპექტირება ჩაატარა, მათ შორის, 2347 გეგმური და არაგეგმური, 3507 გადამოწმება; ზედამხედველობა განხორციელდა 128 ბიზნესოპერატორთან; დოკუმენტურად შემოწმდა 1657.

შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა შემდეგი შეუსაბამობები: სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, სურსათის წარმოება-გადამუშავების ტექნოლოგიური პროცესის, ტემპერატურული რეჟიმისა და რეალიზაციის ვადების დარღვევები, ასევე კოროზირებული ინვენტარი, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე, კონდენსატის დაგროვება. აღნიშნული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორებამდე.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით წლიური პროგრამის შესაბამისად განახორციელებს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები