მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კრიზისულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით"-"ტექნო ბუმმა" მაღაზია დახურა

5ebbbfa41fe0b
ვიქტორია მღებრიშვილი
13.05.20 15:00
1672
კრიზისის გამო ტექნიკის მაღაზიათა ქსელმა „ტექნო ბუმმა“, ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებული მაღაზია დახურა - ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის დამფუძნებელმა ანზორ ქოქოლაძემ განუცხადა.  მისი თქმით, კომპანიისთვის პანდემიის პერიოდში გაჩერება რთული დასაძლევი აღმოჩნდა.

„ვაჟა-ფშაველას გამზირზე ერთი მაღაზიის დახურვა მოგვიწია. იმის გამო, რომ არ გვქონდა გაყიდვები, კრიზისულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, ვეღარ ვფარავდით ხარჯებს და გადავწყვიტეთ წამგებიანი ობიექტი დაგვეხურა. რაც შეეხება თანამშრომლებს, იქ დასაქმებული ადამიანები სხვა მაღაზიებში გადავანაწილეთ“, - ამბობს ანზორ ქოქოლაძე.

„ტექნობუმის“ დამფუძნებელი იმ გამოწვევებზეს საუბრობს, რომლის წინაშეც დადგა კომპანია და რომელთან გამკლავებას ახლაც ცდილობს.

„სირთულეები დიდია. როდესაც მოსახლეობას ფინანსური პრობლემები ექმნება, ეს პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენს გაყიდვებზე. 2 თვის განმავლობაში გაჩერებულები ვიყავით. ვცდილობთ, ხარჯების ნაწილში იმ დანაკარგების ოპტიმიზაცია გავაკეთოთ, რაც კრიზისის გამო მივიღეთ, რათა დანაკარგები დავაბალანსოთ. ამ პირობებში ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ თანამშრომლები, რაც საკმაოდ რთულია. უმოქმედობის პერიოდში ხელფასებს ნახევარი განაკვეთისას გავცემდით. ახლა, როდესაც დაუბრუნდნენ ჩვეულებრივ მუშაობასა, შესაბამისად სრულ ანაზღაურებას იღებენ. დაახლოებით 170 თანამშრომელია ჩვენთან დასაქმებული, თუმცა აუთსორსის პრინციპით მომსახურე ადამიანებთან ერთად დაახლოებით 250 ადამიანამდე ვასაქმებთ.

მნიშვნელოვანი გამოწვევაა ლარის დევალვაციაც. ჩვენ მოლაპარაკებები გვაქვს ჩვენს მომწოდებლებთან, რომ შევინარჩუნოთ ფასები. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი დევალვაცია მოხდა ლარის, ვახერხებთ, რომ ფასები არ გავზარდოთ და პირიქით მომხიბვლელ შეთავაზებებს ვუკეთებთ მომხმარებელს“, - განაცხადა ანზორ ქოქოლაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები