სუპერმარკეტების ინდუსტრიაში დაფიქსირებული უმსხვილესი გარიგება, რომელიც ამერიკული Kroger-ის მიერ Albertsons-ის შესყიდვას უკავშირდება, საბოლოოდ ჩაიშალა.
გარიგების მოცულობა 25 მილიარდი დოლარი იყო და ის მიმდინარე წლის ერთ-ერთი უდიდესი ტრანზაქცია უნდა ყოფილიყო, თუმცა ახლა უკვე მისი წარმატებით დასრულების შანსი თითქმის ნულია.
საქმე ისაა, რომ გარიგების საკითხის შესწავლა აშშ-ის სასამართლომ დაიწყო, რომელმაც რამდენიმე თვით პროცესის დაპაუზების გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლის განმარტებით, გარიგება ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევის მაღალ რისკს შეიცავდა, ამიტომ საკითხის შესასწავლად მეტი დრო იყო საჭირო. როგორც ირკვევა, სასამართლომ გარიგება დაბლოკა, რის შემდეგაც Albersons-ის ხელმძღვანელობამ კონტრაქტის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, ანუ მოლაპარაკებები საბოლოოდ დასრულდა.
აქვე, ჩართული მხარეების შესახებაც გეტყვით, Kroger-ის კაპიტალიზაცია 44 მილიარდ დოლარს აჭარბებს და სუპერმარკეტების ბაზარზე ის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა. რაც შეეხება Albertsons-ს, მისი საბაზრო შეფასება $11 მილიარდია და ის 2,500-მდე სუპერმარკეტს ფლობს.