ნატო-საქართველოს სწავლება 2025 კრწანისის ბაზაზე, 28 აპრილიდან 8 მაისამდე, გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში იტალიის საელჩო ავრცელებს.
საელჩოს თანახმად, 17 იანვარს იტალიის ელჩი შეხვდა იტალიის შეიარაღებული ძალების ვიტორიო ვენეტოს სახ. დივიზიის სამხედრო მოსამსახურეთა დელეგაციას, რომელმაც დაასრულა ნატო-საქართველოს სწავლების მოსამზადებელი მეორე ეტაპი.
მათივე ინფორმაციით, იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც მონაწილეობა უკვე დაადასტურეს, არიან: აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბულგარეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, თურქეთი და აშშ. ხოლო სომხეთი დამკვირვებლად იქნება წარმოდგენილი.
"საქართველოში გრძელდება ნატოს აქტივობა კრიზისულ ვითარებაზე რეაგირების უნარების ინტეგრირების კუთხით. იტალიის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო შეხვდა ვიტორიო ვენეტოს სახ. დივიზიის სამხედრო მოსამსახურეთა დელეგაციას, რომელმაც დღეს თბილისში დაასრულა ნატო-საქართველოს სწავლება-2025-ის მოსამზადებელი მეორე ეტაპი. სწავლება 28 აპრილიდან 8 მაისამდე კრწანისის ბაზაზე, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში გაიმართება. სწავლების მიზანია, წარმოაჩინოს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის შესაძლებლობები და გამოცადოს ბრიგადა, რომელიც მეტწილად ქართველი და ნაწილობრივ საერთაშორისო სამხედრო პერსონალისგან შედგება.
იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც მონაწილეობა უკვე დაადასტურეს, არიან: აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბულგარეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, თურქეთი და აშშ. სომხეთი დამკვირვებლად იქნება წარმოდგენილი.
სწავლებას, რომელიც პირველად 2016 წელს ჩატარდა და ახლა მეოთხედ გაიმართება, უხელმძღვანელებს იტალიის შეიარაღებული ძალების ვიტორიო ვენეტოს სახ. დივიზიის ფლორენციის სარდლობა, რომელიც ახლახან ნატოს მრავალეროვნული დივიზია-სამხრეთის ხელმძღვანელად დაინიშნა",- წერია ინფორმაციაში.
თავის მხრივ, თავდაცვის უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ნატო-საქართველო 2025“ სწავლება იყო განხილვის თემა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) ახალ მეთაურთან, გენერალ-მაიორი ბოგდან რიცერსკისთან.
"ვიზიტის ფარგლებში ბოგდან რიცერსკიმ შეხვედრა გამართა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძესთან და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალთან, პოლკოვნიკ ზურაბ ხვიჩიასთან. მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობებზე, მიმდინარე რეფორმებსა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) სტუმრობისას ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ სტუმარს ცენტრის მიზნები და ამოცანები გააცნო. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე წელს დაგეგმილი „ნატო-საქართველო 2025“სწავლება",- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

























