საქართველოს კულტურის მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძემ მაია ბითაძე წარადგინა.
მაია ბითაძეს გამოარჩევს კეთილსინდისიერება... დარწმუნებული ვარ, ის იქნება ძალიან წარმატებული კულტურის მინისტრი. განაცხადა კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
„მინდა გაცნობოთ, რომ დღეს საქართველოს კულტურის მინისტრად დაინიშნა ქალბატონი მაია ბითაძე. მას საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ხაზს გავუსვამ იმას, რომ ქალბატონ მაიას აქვს მართვის განსაკუთრებული, მრავალწლიანი გამოცდილება. მრავალი წლის მანძილზე ის იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას. ის იყო, მათ შორის წლების მანძილზე გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, წლების განმავლობაში გახლდათ ქალაქ თბილისის მერის მოადგილე, მათ შორის, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კურირებდა კულტურის მიმართულებასაც. 2020 წლიდან ქალბატონი მაია ბითაძე არის საქართველოს პარლამენტის წევრი და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე. ის არის სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მას გამოარჩევს კეთილსინდისიერება და ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რის საფუძველზეც ქალბატონ მაიას ვთხოვეთ დაეკავებინა საქართველოს კულტურის მინისტრის თანამდებობა. დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი მაია იქნება კულტურის ძალიან წარმატებული მინისტრი. მინდა, მას ვუსურვო დიდი წარმატებები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ბითაძე ამ დრომდე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. ის 2011-2017 წლებში საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის, 2017-2020 წლებში კი თბილისის მერის მოადგილე იყო.
კულტურის მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თინათინ რუხაძემ პოსტი 28 ივლისს დატოვა. „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში რუხაძემ გადაწყვეტილების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. მისი განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევდა საშუალებას, სათანადო ყურადღება დაეთმო საქმისთვის, რომელიც ძალიან უყვარს და მისთვის ძვირფასია.
ირაკლი კობახიძემ გუშინ, 14 სექტემბერს დააანონსა, რომ მინისტრის კანდიდატურას უახლოეს მომავალში წარადგენდა და სხვა საკადრო ცვლილებები მოლოდინი კაბინეტში აღარ აქვს.























