მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სამშენებლო სამართალდამრღვევები ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან - კანონპროექტი

კანონი

პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს კანონპროექტი, რომლის ამოქმედების შემთხვევაშიც ქალაქ თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სამშენებლო სამართალდამრღვევები ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან.

პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის “საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის” 112 მუხლში და ემატება შენიშვნა, რომლის თანახმადაც:

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე ნაწარმოები მშენებლობის შემთხვევაში, თუ უკვე გასულია სამშენებლო სამუშაოების ნებართვის მოქმედების ვადა და მშენებლობა არ არის დამთავრებული, ან დარღვეულია სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნები, ან წარმოებულია უნებართვო მშენებლობა, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს, ჯარიმის გამოწერის ნაცვლად, ზედამხედველობითი ორგანო დამრღვევს 90-დღიან ვადას განუსაზღვრავს, შესაბამისი თანხმობის/ნებართვის მისაღებად ან სამართალდარღვევის გამოსასწორებლად.

თუ დამრღვევმა აღნიშნული ვადის განმავლობაში მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში წარადგინა შესაბამისი განცხადება ნებართვის მისაღებად, მაგრამ აღნიშნულ ორგანოს გადაწყვეტილება არ მიუღია, ვადა შესაძლოა 1 თვით გახანგრძლივდეს. საზედამხედველო ორგანოს მიერ შესაბამისი თანხმობის/ნებართვის გაცემის შემთხვევაში, სამართალდამრღვევი პირი თავისუფლდება ჯარიმის გადახდისგან.

აღნიშნული წესები გავრცელდება ახალი შენობა-ნაგებობების მშენებლობის ან არსებულ შენობა-ნაგებობაზე გაბარიტების გაზრდის მიზნით განხორციელებულ მშენებლობაზე, თუ მათი ფართობი არ აღემატება 10 კვადრატულ მეტრს.

შესული ცვლილებების თანახმად, კანონს ახალი მუხლიც ემატება, რომლითაც ჯარიმის გადახდისგან თავისუფლდებიან სამართალდამრღვევები, რომლებმაც სამშენებლო სამართალდარღვევა 2024 წლის 11 იანვრიდან აქვს ჩადენილი, და 2024 წლის 1 ივლისამდე დაკისრებული ჯარიმა გადახდილი არ აქვს ან მხოლოდ ნაწილობრივ აქვს გადახდილი, თავისუფლდება ჯარიმისა და საურავისგან. ამასთან, ამნისტია შეეხება სამართალდამრღვევ პირს, რომელსაც 2024 წლის 11 იანვრიდანჩადენილი აქვს სამშენებლო სამართალდარღვევა და რომლის მიმართაც საქმის წარმოება დაწყებულია, მაგრამ დადგენილება მიღებული არ არის. ასეთ შემთხვევაში, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას წყვეტს.

კანონში ცვლილებები 2024 წლის 1 ივლისიდან უნდა ამოქმედდეს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ 2024 წლის 11 იანვრიდან მაისამდე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გაცემული ჯარიმებისა და დადგენილებების გაუქმებით, თბილისის ბიუჯეტს შესაძლოა დააკლდეს 1 297 000 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები