მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორად რეგიონული განვითარების ექსმინისტრი დაინიშნა

ზაზა კვიციანი

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორად კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ ზაზა კვიციანი წარადგინა, რომელიც ჯერ კიდევ 1 თვის წინ რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად იყო დანიშნული - ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

"ზაზა კვიციანს საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სააგენტოს გენერალურ დირექტორად დანიშვნამდე იგი რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.​

მაია ბითაძემ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სააგენტოს მნიშვნელოვან როლზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების, პროფესიული გუნდის გაძლიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით დასახული ამოცანების განხორციელების მნიშვნელობაზე.

მინისტრმა სააგენტოს თანამშრომლებსა და ყოფილ ხელმძღვანელს, რომელიც საქმიანობას პირველი მოადგილის რანგში გააგრძელებს, მადლობა გადაუხადა, ზაზა კვიციანს კი, ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.​

სააგენტოში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და მოადგილე თამარ შარაშიძე", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ზაზა კვიციანი რეგიონული განვითარების სამინისტროში 2025 წლის აპრილიდან მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მას შემდეგ, რაც სამინისტროს გაუქმებისა და უწყების რეგიონულ სამინისტროსთან კვლავ შეერთების გადაწყვეტილება მიიღეს, მაშინდელი რეგიონული განვითარების მინისტრი კახა გულედანი პოსტზე მამუკა მდინარაძემ შეცვალა. აგვისტოს ბოლოს მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან და თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა, დროებით მინისტრად კი ზაზა კვიციანი დაინიშნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები