„ქართულ კულტურაში დამორჩილების და კონტროლის დიდი ჟინი შეინიშნება,“ - ამის შესახებ „ქალების ნარატივის“ პირდაპირ ეთერში „მწერალთა სახლის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნატა ლომოურმა განაცხადა.
დღეს კულტურის თითქმის ყველა სფეროზე მიმდინარეობს პირდაპირი თავდასხმა, კულტურის დამორჩილების ეს ნება კი, ნატა ლომოურის თქმით, კარგის მომტანი არ არის.
„ისმის კითხვა რატომ ეს სფერო? იმიტომ რომ კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანები, განსაკუთრებით მწერლები, არიან ყველაზე დამოუკიდებლები, სარგებლობენ აუდიტორიის დიდი ნდობით. იმისთვის რომ უფრო მორჩილი საზოგადოება მივიღოთ, კულტურის სამინისტრო მათ განიარაღებას ცდილობს. კულტურული პოლიტიკა უნდა იყოს პრიორიტეტული და არ უნდა იყოს დამოკიდებული ამა თუ იმ მინისტრის პირად ვნებებზე,“- აცხადებს „მწერალთა სახლის“ ყოფილი ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, „საქართველოს მწერალთა სახლთან“ ბოიკოტში მყოფი ქართველი გამომცემლები წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე დამოუკიდებელი სტენდით და საკუთარი სახსრებით წარსდგებიან. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ გამომცემლობა „ინტელექტის“ საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელმა, გვანცა ჯობავამ გააჟღერა.
ბოიკოტის მთავარი მიზეზია ის საფრთხე, რომელიც, კულტურის სამინისტროს ამჟამინდელი პოლიტიკის გამო, თანამედროვე ქართული სალიტერატურო პროცესისა და ზოგადად ქართული კულტურის თავისუფლებას ემუქრება. გამომცემლებს მიაჩნიათ, კულტურის სფეროს უკიდურესი შევიწროებით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ქვეყანაში სიტყვის, გამოხატვის და გამოცემის თავისუფლებაც.