მეფრინველეობის ფაბრიკა "კუმისი XXI" ე.წ. სოფლის კვერცხის წარმოების გაორმაგებას გეგმავს. ამის შესახებ Bm.ge-ის კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა განუცხადა.
კომპანიამ აღნიშნული პროდუქტი "კუმისის ფერმერის" სახელწოდებით, წარმოებაში მიმდინარე წელს ჩაუშვა. ფაბრიკა თბილისის სავაჭრო ქსელს დღეში 15 ათასი ცალი ასეთი კვერცხით ამარაგებს.
"ეს ახალი პროდუქტია, რომელიც მომხმარებელს ზაფხულის ბოლოს შევთავაზეთ, ის განსხვავებული შეფუთვითა და დიზაინით გამოვიდა. ამ ტიპის პროდუქტს საქართველოში, ჯერ-ჯერობით, მხოლოდ ჩვენი ფაბრიკა აწარმოებს. ეს არის განსაკუთრებულ კვებაზე და პირობებში მოქცეული ფრინველის კვერცხი, რომელიც ფაქტობრივად, ისეთივე კვებითი ღირებულებების მატარებელია, როგორიცაა სოფლის კვერცხი. ფრინველს განსხვავებული საკვებს ვაძლევთ, რაშიც სპეციალური ცილოვანი დანამატებია. აქედან გამომდინარე და იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მას სპეციალური ჯიშის ქათამი დებს, რომელიც გერმანელმა მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ გამოიყვანეს, კვერცხს განსხვავებული ფერის ნაჭუჭი აქვს," - განაცხადა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.
მისი თქმით, მომხმარებელმა ეს პროდუქტი კარგად მიიღო და მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანია მისი წარმოების ზრდას გეგმავს. 1 ცალი კვერცხის საბითუმო ფასი ფაბრიკაში 30-31 თეთრია, ქსელში კი - 35 თეთრად იყიდება.
მეფრინველეობის ფაბრიკა "კუმისი XXI" საქართველოს ბაზარზე 2006 წლიდან ფუნქციონირებს და ყოველდღიურად, ქვეყნის მასშტაბით, სავაჭრო ქსელს 180 ათასი ცალი კვერცხით ამარაგებს.

























