კომპანია „კუმისის“ დამფუძნებლის ზურაბ უჩუმბეგაშვილის განცხადებით, ლარის კურსის ბოლოდროინდელი არასტაბილურობის გამო, „კუმისის" კვერცხის ფასი მინიმუმ 5%-ით გაიზრდება.
როგორც bm.ge-ისთან უჩუმბეგაშვილმა განაცხადა, ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობა ბიზნესზე, მათ შორის მეფრინველეობის დარგზე სერიოზულ გავლენას ახდენს.
„თუ ასე გაგრძელდება, უახლოეს მომავალში კვერცხი 5%-ით გაძვირდება. ალბათ კვერცხს 1.50 ლარი უნდა დავადო. მეფრინველეობაში ბომბაა გახეთქილი. კატასტროფა ფასებია სიმინდსა და ხორბალზე. ბიზნესში მოგებაზე საუბარი არ არის. მწარმოებლები მინუსში თუ არა, ყოველ შემთხვევაში თავის თავს ძლივს ასწორებენ და ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ. შარშან თუ 40-45 თეთრი ღირდა მარცვლეული, წელს 65-70 თეთრი ღირს. მარტო მარცვლეული 30%-40%-ით არის გაძვირებული,“ - განაცხადა უჩუმბეგაშვილმა.
მისივე თქმით, მეფრინველეობის დარგში სხვადასხვა სახის პრობლემა დგას, რომელიც ამ დრომდე სახელმწიფოს მხრიდან მოუგვარებელი რჩება.
„არცერთი პრობლემა, რომელიც აქამდე იყო, არ გადაჭრილა. დღგ-ით ქათმის, კვერცხის და ხორცის მწარმოებლები გამორჩეულად ისევ ვიბეგრებით; ასევე საზღვარი ისევ დაუცველია, ყველას ყველაფერი შემოაქვს და აბსოლუტურად დაუცველები ვართ. არასამართლიანი ფასი კვერცხშიც და ხორცშიც არსებობს ანუ ყველა ის პრობლემა, რომელიც წამოვაყენეთ გადაუჭრელია", - ირწმუნება უჩუმბეგაშვილი.

























