კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ილიას ტბაზე, რამდენიმე თვეა ახალი განთავსების ადგილი „კუნძული“ სატესტო რეჟიმში ოპერირებს.
ახალი ტურისტული ლოკაცია ქართულ-ლატვიური პროექტია, რომელიც €1.5 მილიონი ინვესტიციით კომპანია „ფერუს დეველოპმენტმა“ განახორციელა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ილიას ტბაზე „კუნძულის“ მოწყობის იდეა ბევრად ადრე, ტბასთან არსებული სასტუმრო „როიალ ბატონის“ მმართველი კომპანიის მენეჯმენტში გაჩნდა. დღეს ობიექტის მმართველი კომპანია „ამირბარის“ დამფუძნებელი ქეთი ამირბარი BM.GE-სთან განმარტავს, რომ ქართულ - ლატვიური კომპანიის მიერ პროექტის გადაბარება მალევე მოხდა და დღეს „კუნძული“ სრულად „ფერუს დეველოპმენტის“ საკუთრებაშია.
„კუნძულმა“ სატესტო რეჟიმში სტუმრების მიღება გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო, სრული დატვირთვით კი ოპერირებას გაზაფხულიდან დაიწყებს. პროექტი ილიას ტბის სანაპიროზე სამი სხვადასხვა კატეგორიის, ლაქშერი მიმართულების 9 სახლს აერთიანებს, რომლებიც დასვენებისთვის საჭირო ყველა ინვენტარითაა აღჭურვილი და სულ მალე ადგილს კაფეც შეემატება.
დღეს 1 ღამით სახლის დაჯავშნის ღირებულება 350 ლარიდან იწყება, თუმცა ეს ფასი სეზონის მიხედვით შეიცვლება. „კუნძულის“ სახლების დაჯავშნა როგორც ახალი ლოკაციის ფეისბუქ-გვერდით, ასევე Booking.com-ზე შესაძლებელი. ადგილზე ჩასულ სტუმარს კი კეთილმოწყობილ სახლებთან ერთად, მომსახურე პერსონალიც დახვდება.
„ჩვენი ლოკაციის მთავარ მიმართულებად ღონისძიებები იქნება, რომელიც „კუნძულზე“ გაიმართება. ეს იქნება კონცერტები, იოგა ტურები, ცერემონიალები განსხვავებულ გარემოში, რომელიც ჩვენს დამსვენებელს განსხვავებულ გამოცდილებას შესძენს. ასეთი ღონისძიებებზე „კუნძულზე“ ერთდროულად 200-250 ადამიანის გამასპინძლება შეგვეძლება. კოტეჯების მშენებლობის პროცესი, ოპერირება და გარემო სრულად ეკოლოგიურად სუფთა დასასვენებელი გარემოს შექმნაზეა მიმართული“, - აღნიშნავს ქეთევან ამირბარი.
სატესტო რეჟიმში მოქმედი განთავსების ობიექტი უკვე დიდი მოთხოვნით სარგებლობს ადგილობრივებში, როგორც „კუნძულის“ მმართველი კომპანია „ამირბარის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, საწყის ეტაზე სახლების დაჯავშნის მაჩვენებელი სწორედ ადგილობრივების მხრიდან ჭარბობდა. გასული პერიოდის განმავლობაში ლოკაციის მიმართ ინტერესს უცხოელი ტურისტებიც იჩენდნენ, რომელთა შორის არაბები გამოირჩეოდნენ.
მმართველი კომპანია „ამირბარის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ „კუნძული“ აპრილიდან სტუმრებს სრული დატვირთვით მიიღებს.