მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კურაციო: ამბულატორიასა და მედიკამენტებზე ფასების ზრდა მოსახლეობისთვის მძიმე ტვირთია

5ceeaa378acd4
ელენე გოგბერაშვილი
30.05.19 09:00
1021
საერთაშორისო ფონდ კურაციოს ბარომეტრის 12-ე ტალღის მიხედვით, ამბულატორიულ მომსახურებასა და მედიკამენტებზე დანახარჯებში წამყვანი წილი მოსახლეობის ჯიბიდან გადახდებს უჭირავს.

მათი თქმით, სამედიცინო სერვისებსა და მედიკამენტებზე ფასების ზრდას ბარომეტრის რესპონდენტების უმეტესობა მე-5 ტალღიდან მოყოლებული აღნიშნავს.
რესპონდენტთა მოსაზრებები თანხვედრაშია საქსტატის ოფიციალურ მონაცემებთან, რომლის მიხედვითაც 2014 წლიდან 2018 წლამდე ფასების ზრდა ფიქსირდება როგორც ამბულატორიულ, ისე ჰოსპიტალურ სერვისებზე.

"მედიკამენტებზე ფასების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა 2014, 2015, 2017 და 2018 წლებში. ასევე აღსანიშნავია, რომ მედიკამენტებსა და ამბულატორიულ სერვისებზე ფასები უფრო მეტად გაიზარდა ვიდრე ჰოსპიტალურ სერვისებზე. ამბულატორიულ მომსახურებასა და მედიკამენტებზე ფასების ზრდა მძიმე ტვირთად აწვება მოსახლეობას, რადგან ამ ტიპის მომსახურების ხარჯში წამყვანი წილი მოსახლეობის ჯიბიდან გადახდებს უჭირავს“ ნათქვამია "კურაციოს" ანგარიშში.

მედიკამენტებზე ხელმისაწვომობის პრობლემას საქართველოში, როგორც გამოწვევას ეხმიანება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჯანდაცვის დაფინანსების თემაზე გამოქვეყნებული ანგარიში („Can people afford to pay for health care?“ ჯანმო, 2019), რომელიც 2015 წლის მონაცემებს ეყრდნობა.

ანგარიშის მიხედვით, მოსახლეობის დაახლოებით 14% განიცდის ჯანდაცვაზე კატასტროფულ დანახარჯს, ხოლო ჯიბიდან გადახდების სტრუქტურაში წამყვანი ადგილი მედიკამენტებზე გადახდილ თანხებს უჭირავს (60%).

"ჯანდაცვის ეროვნულ ანგარიშზე დაყრდნობით მოსახლეობაში მედიკამენტებზე დანახარჯის მოცულობამ 687 მლნ ლარი შეადგინა (2016წ). აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საქართველოს მთავრობის ინიციატივით ამოქმედდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა, რომელმაც მოსახლეობას ჯანდაცვის ფინანსური ტვირთი უნდა შეუმსუბუქოს, თუმცა 2017-2018 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშების მიხედვით ირკვევა, რომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სუბსიდირების პროგრამაზე გამოყოფილი 13.4 მლნ ლარი (რომელიც მედიკამენტებზე მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდილი თანხების მხოლოდ 2%-ია) სრულად ვერ იხარჯება და ისმის კითხვა რატომ?", – ნათქვამია ანგარიშში.

ფონდი მიუთითებს, რომ მედიკამენტების სუბსიდირების პროგრამის ეფექტიანობის მისაღწევად საჭიროა იმ ბარიერების შესწავლა და აღმოფხვრა, რომლებიც პროგრამის ნაკლებეფექტურობას განსაზღვრავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები