კომპანიებს, რომლებსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჰყავთ დასაქმებული, მათი სამსახურიდან გათავისუფლება წლის ბოლომდე არ მოუწევთ. ამის შესახებ დასაქმების ხელშეწყობის დირექტორის მოადგილე გიორგი ბუნტურმა განაცხადა.
როგორც უწყების წარმომადგენელმა განმარტა, კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერის მიხედვით, არსებულ კადრებს მუშაობის გაგრძელება სპეციალური ნებართვის გარეშე წლის ბოლომდე შეეძლებათ. რაც შეეხება ზოგიერთ სფეროს, მაგალითად საკურიერო მომსახურებას, ბუნტური განმარტავს, რომ რეგულაციების მთავარი მიზანი ადგილობრივი სამუშაო ძალის დაცვა იყო.
„კომპანიებს უკვე დასაქმებული უცხოელების სამსახურიდან გათავისუფლება არ მოუწევთ. კანონით გათვალისწინებულია, რომ მათ შეეძლებათ, სპეციალური ნებართვის მოპოვების გარეშე გააგრძელონ მუშაობა წლის ბოლომდე. ხოლო წლის ბოლოსთვის, თუ მათი შრომითი საქმიანობა ვადის გახანგრძლივებას ითვალისწინებს, მათ უკვე ექნებათ ვალდებულება, მიმართონ შესაბამის უწყებას და მომდევნო წლის პირველი იანვრისთვის მოიპოვონ შრომითი საქმიანობის უფლება.
რაც შეეხება იმ სექტორებს, რომლებიც ახალი რეგულაციების ქვეშ მოექცა, ეს ის სექტორებია, რომლებიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ფასდებოდა და ანალიზი უკეთდებოდა, მათ შორის, სექტორის წარმომადგენლებთან ხშირი შეხვედრების საფუძველზე.
მაგალითისთვის, საკურიერო სერვისი რომ ავიღოთ მერწმუნეთ, ძალიან ბევრი შეხვედრა გვქონდა, პირველ რიგში, სწორედ ამ სექტორში დასაქმებულ ადამიანებთან. მათი ხშირი მოთხოვნა იყო, რომ ამ სექტორში მათთვის გარკვეული თანადგომა და ხელშეწყობა ყოფილიყო, რადგან ეს ადამიანები რეალურად კარგავდნენ სამუშაო ადგილებს. სურვილის შემთხვევაშიც კი, მათი დასაქმების შესაძლებლობა პრაქტიკულად შეზღუდული იყო იმ მარტივი მიზეზით, რომ ამ კონკრეტულ სექტორში უცხოური სამუშაო ძალა ადგილობრივზე იაფი ჯდებოდა.
საბოლოო ჯამში, ვიღებდით ისეთ შედეგს, რომ ერთი მხრივ, ადგილობრივი კადრები სამსახურის გარეშე რჩებოდნენ, ხოლო მეორე მხრივ ვარდებოდა მომსახურების ხარისხი, რასაც, რა თქმა უნდა, მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვებოდა. ვიტყოდი, რომ იაფი მუშახელის დასაქმებით საქართველოს მოქალაქეებისთვის სერვისი ნამდვილად არ გაიაფებულა", - განაცხადა მან.
დღეს, 27 თებერვალს, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების ამოქმედებასთან დაკავშირებით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, ბიზნესის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრას მართავს.




























