მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კურორტებზე სეზონის გახსნის თარიღი უცნობია - რა კითხვები აქვს ტურიზმის სექტორს?

61c085ddbd13f
ინგა მურუსიძე
20.12.21 19:56
1226
უკვე ორი დღეა ზამთრის კურორტებზე თოვს და ტურისტული სექტორის წარმომადგენლები სეზონის გახსნას ელოდებიან. მთის კურორტების განვითარების კომპანიაში (MTA) ამბობენ, რომ სეზონის გახსნის თარიღი ორ დღეში ეცოდინებათ. კიდევ ერთი კითხვა, რომელიც სექტორს აქვს, საბაგიროს ბილეთების ფასებია, მაგრამ ამ დროისთვის ცნობილი არც ახალი ტარიფებია, თუმცა პირად საუბარში ამბობენ, რომ ფასების ზრდა არ იგეგმება.

სასტუმრო „მარკო პოლოს“ მმართველი მაია კოკაია bm.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან კომუნიკაცია ჰქონდა და ელოდება, როდის გამოცხადდება სეზონის გახსნის თარიღი.

„თოვლი მოვიდა, თუმცა სამწუხაროდ, სეზონის გახნის თარიღი ჯერ არ ვიცით; ველოდებით მთის კურორტების განვითარების კომპანიას. ჯავშნებს უკვე ვიღებთ, მაგრამ ველით სეზონის გახსნას, რომ ეს ჯავშნები გამართლდეს. ჩვენთან, ძირითადად, სრიალის მოყვარულები ჩამოდიან. ზოგადად, მთის კურორტების განვითარების კომპანია თოვლის მოსვლაზეა დამოკიდებული... გათოვლიანებაც არის, მაგრამ მთლიანად გუდაურის ტრასებს ვერ ფარავს. ყოველ სეზონზე ასეა - ელოდებიან თოვლის მოსვლას. იმის გარდა, რომ თარიღი ზუსტად არ იციან, მე მესმის, ტრასას სჭირდება დატკეპნა და მომზადება. პასუხიც ასეთი აქვთ - თოვლი მოვიდა და ვემზადებით, მთავარია, როგორ გამოგვყვება თოვლი“, - ამბობს მაია კოკაია.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, 25-27 დეკემბრისთვის გაიხსნება სეზონი.

რაც შეეხება ზამთრის კურორტებზე საბაგიროს ბილეთის ღირებულებას, მაია კოკაიას თქმით, მნიშვნელოვანია, სექტორმა ინფორმაცია ამის შესახებაც დროულად მიიღოს.

"მარკო პოლოს" მმართველის ინფორმაციით, საბაგიროების ბილეთების ფასის ზრდა არ იგეგმება, თუმცა კარგი იქნება, ეს ოფიციალურად გაცხადდეს და ამის შესახებ ტურიზმის სექტორმა იცოდეს.

„დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგადად, ზამთრის სეზონისთვის მზადებას ვიწყებთ ზაფხულში, რომ სასტუმრო იყოს მზად ყველანაირად. 6 თვით ადრე ვიწყებთ მზადებას და ხარვეზები მაინც არის და როცა მოკლე ხანში ემზადები, ძალიან რთულია... საბაგიროს ბილეთის ფასებს რაც შეეხება, მე როგორც ვიცი, გაძვირებას არ აპირებენ და, სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ არ ანონსდება. დიდი ალბათობით, იგივე ტარიფს დატოვებენ, არ ვიცი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი დროულად ვიცოდეთ, რადგან ტურისტებსაც აქვთ ეს კითხვა, ვინაიდან მათი დასვენების ხარჯი მხოლოდ სასტუმრო არ არის - აინტერესებთ რა ეღირება საბაგირო და რა ეღირება ის ინვენტარი, რასაც ისინი ქირაობენ. თუ საბაგიროს ბილეთებთან მიმართებით ცვლილებას გეგმავენ და ამის შესახებ დროულად არ გვეცოდინება, რიგ პრობლემებს გამოიწვევს, ამიტომ ჩვენ ყოველთვის თავს ვიკავებთ მთის ნაწილში კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებისგან, რადგან კონკრეტული პასუხისმგებლობის აღება ძალიან რთულია“, - განაცხადა მაია კოკაიამ.

ჰოტელიერი მაია მურაჩაშვილი კი ამბობს, რომ სეზონის გახსნასთან დაკავშირებით არაოფიციალური ინფორმაცია სექტორს აქვს, თუმცა ამას გარდა ,სხვა ბევრი პრობლემაც არის, მათ შორის ეპიდსიტუაცია, რის გამოც, საქართველოში მოგზაურობისგან თავს იკავებენ და დღეს თოვის გამო ჩაკეტილი გუდაურის გზა, რამაც ჯავშნების გაუქმება გამოიწვია.

„როგორც ვიცით, სეზონი 25 დეკემბერს უნდ გახსნან, თუმცა ოფიციალურად, რა თქმა უნდა, არ უთქვამთ. ასევე საბაგიროებს რაც შეეხება, არაოფიციალუურად ვიცით, რომ ფასები არ იცვლება. ამის ცოდნა ბუნებრივია გვჭირდება, თუმცა ჯავშნები ისედაც შემცირებული გვაქვს და ხანგრძლივი დარჩენისთვის ჩამოსვლის მსურველები ეპიდვითარების გამო თავს იკავებენ.

ზოგადად, მგონია, რომ გათვლილი არაფერი არ არის, რადგან დღეს მაგალითად, გუდაურის გზა ჩაიკეტა და ტურისტები ვერ ამოვიდნენ. არადა ის რამდენიმე ჯავშანი, რომელიც უნდა მიგვეღო, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. ახლა თანხები უკან უნდა დავაბრუნოთ. გვეუბნებიან, რომ მობილიზებულია ყველანაირი ტექნიკა და გზა იწმინდება, თუმცა ინტენსიური თოვლია, გზის გაწმენდა გვიან დაიწყო და მანქანები ვერ ამოდიან“, - ამბობს მაია მურაჩაშვილი bm.ge-სთან.

Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია ჯავშნების სიმცირეზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ დღეს, თოვის გამო გზის ჩაკეტვამ სერიოზული პრობლემა შექმნა და ეს არ უნდა ხდებოდეს.

„როგორც ვიცით, სეზონი 25 დეკემბერს იხსნება და დატვირთვას არ ვუჩივით, თუმცა ახლა მთავარი პრობლემა ის გვაქვს, რომ დღეს გზა ჩაკეტილია და სტუმრები ჩვენამდე ვერ მოდიან. არ ვიცით როდის გაიწმინდება გზა, შესაძლოა, ხვალაც ვერ ავიდნენ ადამიანები გუდაურში და ზეგაც. რაც შეეხება საბაგიროებს, ინფორმაცია აუცილებლად დროული უნდა იყოს. რაც მეტი ინფორმაცია გვექნება, მით უკეთესია ბიზნესისთვის“, - ამბობს ერეკლე კოკაია. 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები