მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კურსის მერყეობისგან ბიზნესმა თავად უნდა დაიცვას თავი“ - არჩილ მესტვირიშვილის რჩევები ბიზნესს

645e2df19be6f
თელარა გელანტია
13.05.23 00:27
1278
სტატიაში საუბარია:
„ეროვნული ვალუტის კურსის მოკლევადიანი მერყეობისგან ბიზნესმა თავად უნდა დაიცვას თავი“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ცენტრალური ბანკები კურსის მოკლევადიან მერყეობაზე კომენტარს არ აკეთებენ.

საქმე ის არის, რომ მიმდინარე კვირაში ეროვნულ ვალუტას მეტწილად გაუფაუსურების ტენდენცია აქვს. 11 მაისის ვაჭრობის შედეგად, დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 1.64 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5458 ლარი გახდა. ევროსთან მიმართებით კი, ეროვნული ვალუტა 0.98 თეთრით გაუფასურდა 2.7805 ლარამდე.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი კერძო სექტორს სხვადასხვა ვალუტაში მისაღები ფულადი ნაკადების მართვას ურჩევს.

ამასთან, გადაცემაში არჩილ მესტვირიშვილმა ბანკების მიერ ბიზნესისთვის ჰეჯირების ინსტრუმენტის შეთავაზების პროექტზეც ისაუბრა.

“ეროვნული ვალუტის კურსის მოკლევადიანი მერყეობისგან ბიზნესმა თავად უნდა დაიცვას თავი, რადგან მისი პროგნოზირება შეუძლებელია და არასწორია; ბევრჯერ გამიგია კერძო სექტორისგან, რომ ერთ ან ორ კვირაში ასეთი იქნება <კურსი> და ა.შ. ამის პროგნოზირება არასწორია და უკეთესი და სწორი ბიზესპრაქტიკაა თავისი ნაკადები გათვალონ, თუ რას მიიღებენ და რა ვალუტაში ერთ კვირაში, თუ ერთ თვეში და ამ ნაკადების ერთსა და იმავე ვალუტაში დენომინირება მოახდინონ, რომელიც მარტივი არ არის.

რა თქმა უნდა, ამას გარკვეული თანხა სჭირდება, მაგრამ ამის ხარჯი უფრო ნაკლებია, ვიდრე დღეს ისინი ცდილობენ, ეს რისკები ფასში გადაიტანონ. ამ მიმართულებით ჩვენ ვმუშაობთ ბანკებთან ერთად და წელს და მომავალ წელს გვაქვს დაგეგმილი, რომ უფრო აქტიურები ვიყოთ ტრენინგების კუთხით, როგორც ბაზრის მონაწილეებისთვის, ისე - ბიზნესებისთვის;

ასევე, გვაქვს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან მხარდაჭერა და რამდენიმე ბანკს ვეხმარებით კოორდინაციის კუთხით, რომ შეიძინონ ერთი IT ინფრასტრუქტურა. ზოგადად, ეს ძვირი ღირს, მაგრამ ხარჯი განაწილდება რამდენიმე ბანკზე, რაც საშუალებას მისცემთ, მარტივად, სწრაფად და იაფად შესთავაზონ ბიზნესს ჰეჯირების ინსტრუმენტები.
ერთ წელიწადში იქნება თუ - ორ წელიწადში, კურსის მოკლევადიან მერყეობაზე ბიზნესის დამოკიდებულება ნელ-ნელა უნდა აღმოვფხვრათ, რადგან სხვა ქვეყნებში და მათ შორის იმ ქვეყნებში, ვისთანაც კონკურენციაში ვართ, იმპორტიორები, ვინც ჩვენთან პროდუქციას ყიდიან, ძალიან აქტიურად მართავენ სავალუტო, საპროცენტო და სხვადასხვა ფინანსურს რისკს, რაც მათ ეფექტიანობაში ეხმარებათ და ჩვენ გვჯობნიან. ამდენად, ამ კუთხით ერთად უნდა განვავითაროთ ბაზარი“, - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

ეროვნული ვალუტის კურსის მერყეობის კონტექსტში, „წერტილთან“ ინტერვიუში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა დოლარიზაციის შემცირების მნიშვნელობაზეც.

„ერთ-ერთი ფაქტორი, რომ გარე მერყეობები ჩვენს ეკონომიკას ნაკლებად გადმოეცეს, არის დოლარიზაციის დაბალი დონე, რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ და რომელიც ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა. დოლარიზაცია მცირდება, მაგრამ მაინც პრობლემაა და ამ პრობლემის მოშორებით გაცილებით ნაკლები იქნება გარე ფაქტორების გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე; 2019 წელს რუსეთმა ავიაემბარგო შეგნებულად დაგვიწესა და იმ მომენტში დოლარიზაცია უფრო მაღალი რომ გვქონოდა, ჩვენს ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა უფრო დიდი იქნებოდა“, - აღნიშნა არჩილ მესტვირიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები