"ჯონ მაკკეინის ღვაწლი მხოლოდ გაიზრდება“ - ასე ფიქრობს მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოლკერი, რომელიც საქართველოში დაესწრო მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას, საინტერესო სახელწოდებით - "მსოფლიო თავდაყირა".
კურტ ვოლკერი ჯონ მაკკეინს იხსენებს, როგორც პოლიტიკოსს, რომელსაც ძალიან ბევრი ისეთი თვისება ჰქონდა, რაც დღეს პოლიტიკოსების უმრავლესობას, სამწუხაროდ, აკლია. „ღირებულებების ერთგულება, რწმენა თავისუფალი ადამიანების, თავისუფალი ქვეყნების, თავისუფალი ეკონომიკის, კანონის უზენაესობის - ეს არის ჯონ მაკკეინის მემკვიდრეობა“, - ამბობს კურტ ვოლკერი.
მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ჯონ მაკკეინის ღირებულებები დასაცავია: „ის ყოველთვის მზად იყო ებრძოლა ღირებულებებისთვის. მას ესმოდა მთავარი: ჩვენი ღირებულებები არის ჩვენი ინტერესი და პირიქით, ჩვენს ინტერესშია ჩვენი ღირებულებები და მათი დაცვა. ყოველთვის“.

























