"გავლენიანი ადამიანი - ერთი თუ რამდენიმე - ყველა ქვეყანაში მოიძებნება იქნება ეს ბიზნესმენი, ლიდერი, თუ უბრალოდ მდიდარი ადამიანი. მთავარია, როგორ მუშაობენ ინსტიტუტები და რამდენად ანგარიშვალდებულნი არიან ისინი ქართველი ხალხის წინაშე", - ასე უპასუხა კურტ ვოლკერმა, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა "ანალიტიკის" კითხვას. ვოლკერი საქართველოში მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ორდღიან კონფერენციას დაესწრო, სახელწოდებით ‘მსოფლიო თავდაყირა“.
"ანალიტიკამ" მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს იმ შეკითხვის კომენტირება სთხოვა, რომელიც კონფერენციაზე გავლენიანი გამოცემის Financial Times-ის კოლუმნისტმა დასვა: „ვინ არის თქვენი ბოსი?“ - ეს კითხვა საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძისთვის იყო განკუთვნილი.
კურტ ვოლკერი ამბობს, რომ ესმის, რატომ შეიძლება საინტერესო იყოს ამ კითხვაზე პასუხი. „საქართველოში და ეს ყველამ იცის, ერთ ინდივიდს აქვს ძალიან დიდი გავლენა ქვეყანაზე - მიუხედავად იმისა, რომ ის ამ ეტაპზე მთავრობის წევრი არ არის. მეორე მხრივ, ამ კითხვაზე პასუხი ნებისმიერი ქვეყნის პრემიერისგან ცალსახად უნდა იყოს ერთი - ჩემი ბოსი ქართველი ხალხია. შენ დაგიქირავა ხალხმა, უნდა უპასუხო ამ ხალხის მოთხოვნებს, რადგან, საბოლოო ჯამში, სწორედ ეს ხალხი განგსჯის, რა გააკეთე სწორად და რა - ვერ შეძელი. ეს არის აქ მთავარი", - ამბობს კურტ ვოლკერი.