მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კუს ტბასა და ვაკის პარკს შორის ტურისტული ბილიკები მოეწყობა

63e35c997d88a
BM.GE
08.02.23 12:26
573
კუს ტბასა და ვაკის პარკს შორის ტურისტული ბილიკები მოეწყობა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პროექტი ფონდმა „ქართუმ“ მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა.

„საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადმოსცა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს კუს ტბასა და ვაკის პარკს შორის ტურისტული ბილიკების მოწყობას. უკვე მომზადებულია თანამედროვე, მაღალი სტანდარტების პროექტი, რომელიც თბილისის ურბანული ტყის განვითარების გეგმის ნაწილია. პროექტი ითვალისწინებს მარკირებული და სპეციალური ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ველო და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას, რაც ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის ახალი შესაძლებლობების გაჩენას. ველობილიკი მოეწყობა საერთაშორისო სამთო ველოფედერაციის დოკუმენტის მიხედვით, ხოლო საფეხმავლო ბილიკი - ეროვნული რეგლამენტის შესაბამისად“, - განაცხადა მერმა და საზოგადოებას შესაბამისი ვიზუალური მასალა წარუდგინა.

მისივე თქმით, უცხოეთში მსგავსი პროექტები დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მერის განმარტებით, ბილიკების მოწყობის პროცესში მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ბუნებრივი მასალები და მინიმუმამდე დაიყვანება რელიეფისა და გარემოს ცვლილება რკინისა და ბეტონის საფარით.

„ვინაიდან ქვეითები ხშირად სარგებლობენ კუს ტბის სამანქანე გზით, აღნიშნული პროექტი გააუმჯობესებს მათ უსაფრთხოებასაც. ტერიტორიაზე მოვაწყობთ საპიკნიკე ზონებსაც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები