თბილისის მერია და „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ კუს ტბის საბაგირო გზის რეაბილიტაციას სექტემბრის პირველ ნახევარში დაასრულებს. ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბაზე მოხვედრა 6 წუთში იქნება შესაძლებელი. მშენებლობას კომპანია „ბაგირმშენი“ ახორციელებს. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საბაგირო სამსახურის უფროსმა ზურაბ ზურაბიშვილმა გადაცემაში „ბიზნესკონტრაქტი“ განაცხადა, ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ აღნიშნულმა ერთმა კომპანიამ მიიღო.
„პროექტის ღირებულება 1 100 000 ლარია, აქედან მილიონი ლარი თბილისის მერიამ, 100 000 კი თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ საკუთარი შემოსავლებით გამოყო. ტენდერი იანვრის ბოლოს დასრულდა.
ტექნიკური დავალება იყო გამოცხადებული ტენდერში და ტექნიკური დავალების მიხედვით კომპანიამ წარმოადგინა ყველა დოკუმენტაცია, მათ შორის გამოცდილება სფეროში. სამწუხაროდ „ბაგირმშენი“ ტენდერში ერთადერთი კომპანია იყო და კონკურენცია ელექტრონულ ტენდერში არ ყოფილა. შემდგომში, კომპანიამ ყველა დოკუმენტაცია წარმოადგინა რაც გათვალისწინებული იყო.
ტენდერი ერთი თვის განმავლობაში იდო ვეებ-გვერდზე და ყველას ვისაც სურვილი ექნებოდა, შეეძლო მონაწილეობის მიღება“, - განაცხადა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საბაგირო სამსახურის უფროსმა. მისივე თქმით, საბაგიროს მომსახურების საფასურის დაანგარიშებაზე მუშაობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს.

























