მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას მატერიალური ხელმოწერის იურიდიული ძალა ენიჭება

58528ba7229ec
BM.GE
15.12.16 16:25
2605
მთავრობამ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა, რომელიც ელექტრონული ხელმოწერისათვის იურიდიული ძალის მინიჭებასა და ქვეყანაში სხვადასხვა სახის კვალიფიციური ელექტრონული მომსახურების დანერგვას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ცვლილებები მთავრობის სხდომას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.

ახალი საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას მატერიალური ხელმოწერის იურიდიული ძალა ენიჭება. ელექტრონული დოკუმენტებისა და ხელმოწერის გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის საზღვრებს გარეთ. საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, მოქალაქეებისა და ბიზნესსუბიექტებისათვის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა გამარტივდება, რადგან ელექტრონული დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელი ხდება ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც მოითხოვება დოკუმენტის წერილობითი ფორმა (თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი).

საკანონმდებლო სიახლე იურიდიულ პირებს ელექტრონული შტამპით სარგებლობის შესაძლებლობასაც აძლევს, რაც მრავალი მომსახურების დისტანციურად, ელექტრონული ფორმით მიღებას უზრუნველყოფს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბანკო, სადაზღვევო და ჯანდაცვის სექტორში არსებული სერვისების ეფექტიანად გამოსაყენებლად. გარდა ამისა, ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული შტამპის დანერგვა ხელს შეუწყობს ელექტრონული კომერციის განვითარებას.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ელექტრონულ სივრცეში დოკუმენტის უტყუარობის დასადასტურებლად კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა გამოიყენება, მაგრამ ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ როდის შეიქმნა კონკრეტული დოკუმენტი. სწორედ ამ საკითხის უზრუნველსაყოფად საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ კვალიფიციური დროის შტამპით.

"აღნიშნული კანონპროექტი ხელს შეუწყობს ელექტრონული დოკუმენტებისა და, კერძოდ, ელექტრონულად დაბადებული დოკუმენტების (დოკუმენტები, რომლებიც არასდროს ყოფილა წარმოდგენილი ქაღალდის სახით) შექმნას. მათი სათანადო შენახვისა და შესაბამისი მოვლისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივი“ უკვე მუშაობს ელექტრონული არქივის პროექტზე", - განმარტავენ სამინისტროში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები