გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველოს პოზიცია 7 ადგილით გაუმჯობესდა. ბიზნესის კეთებისთვის ყველაზე პრობლემატურ ფაქტორებს შორის კვლავ არაკვალიფიციური მუშახელი სახელდება. გარდა ამისა, ასევე პრობლემურ ფაქტორებს შორის ხვდება ფინანსებთან წვდომა, ინფლაცია, სახელმწიფო ბიუროკრატია და ინფრასტრუქტურის არასაკმარისი მიწოდება, - თემაზე ’’ბიზნესკონტრაქტთან“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა საუბრობს.
- ბატონო ნიკოლოზ, რა მიმართულებით გვქონდა წინსვლა ინდექსის მიხედვით და იყო თუ არა ეს მაქსიმუმი?
- 7 საფეხურით წინ წასვლა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური ინდექსია, რომელიც ქვეყანას გაცილებით ფართოდ სწავლობს სხვა ინდექსებთან შედარებით და აქ წინსვლა ზოგადად გაცილებით უფრო რთულია. ჩვენ ბოლო 5 წლის განმავლობაში 29 საფეხურით წავიწიეთ წინ 88-ე ადგილიდან, რაც ასევე პრაქტიკულად უპრეცედენტო შედეგია, რადგან ეს ქვეყანას როგორც აღვნიშნე, საკმაოდ კომპლექსურად აფასებს.
- ამ კომპლექსური შეფასებიდან გამომდინარე, მთავრობის ეკონომიკური გუნდი იყენებს თუ არა ამ დოკუმენტს?
- ბუნებრივია, ეს ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იქ, სადაც სუსტი პოზიციები გვაქვს გავძლიერდეთ. რა თქმა უნდა Doing Business კრიტერიუმებსაც და ასევე სხვა ინდექსებსაც ვუყურებთ. არსებულ სისუსტეებს ვსწავლობთ, ვაანალიზებთ და ვცდილობთ წინ წავიწიოთ. სწორედ ასეთი პროცესის ამ გადადგმული ნაბიჯის შედეგია ის, რომ ჩვენ 7 პოზიციით წინ წაწევა შევძელით, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა.
- არაკვალიფიციური მუშახელის კონტექსტში რომ განვიხილოთ, თქვენ როგორ ხედავთ ეკონომიკის სამინისტროს და მთავრობის ეკონომიკური გუნდის ჩართულობას ამ საკითხის მოსაგვარებლად?
- დაგეთანხმებით, რომ კვალიფიციური მუშახელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფაქტორია და ვიტყოდი, რომ ეკონომიკის ზრდისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაფერხებელიც არის. შემთხვევითი არ არის, რომ პრემიერის რეფორმის ოთხპუნქტიან გეგმამ ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულად სწორედ ეს მიმართულება გამოყო. დაგიდასტურებთ, რომ ეკონომიკის სამინისტრო ამაში ჩართულია იმიტომ, რომ ეს ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია და ერთ-ერთი მთავარი პრობლემაც არის, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა გადაიჭრას. სწორედ ეს არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ამბიცია.

























